მწერლების ნაწილი განათლების მინისტრის მოადგილეს, მიხეილ გიორგაძეს უნდობლობას უცხადებს, – ინფოერმაციას ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, დღეს, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელები მიხეილ გიორგაძეს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა, სამინისტროში მისულებმა აღმოაჩინეს, რომ შეხვედრა ჩაიშალა.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის, გვანცა ჯობას თქმით, არ ახსოვს, ბოლოს ასე რისი შერცხვა.
ჯობავას თქმით, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელებმა განათლების მინისტრთან მიხეილ ბატიაშვილთან და მის მოადგილესთან მიხეილ გიორგაძესთან შეხვედრა ჩამოსვლამდე შეათანხმეს. შეხვედრის მიზანი ქართული სასკოლო სახელმძღვანელოებისა და განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბარი იყო. რამდენიმე დღით ადრე მათ აცნობეს, რომ ვინაიდან იმავე დღეს საქართველოში ჩამოდიოდა სომხეთის განათლების მინისტრი, მათ მხოლოდ გიორგაძე დახვდებოდათ. უკვე სამინისტროში მისულებმა კი გაარკვიეს, რომ გიორგაძეც სომხეთის განათლების მინისტრთანმიდიოდა შეხვედრაზე. სტუმრები მან სხვა მოადგილესთან ლევან ხარატიშვილთან გადაამისამართა. მასთან შეხვედრა კი უკვე დელეგაციამ არ ისურვა.
„საერთოდ ეს ადამიანები, განსაკუთრებით მიხეილ გიორგაძე, შემჩნეულები არიან კულტურისა და ლიტერატურის მიმართ ინდიფერენტულობაში. ერთადერთი მაშინ გამოცოცხლდება, როცა რამე კულტურული ძეგლია ასაფეთქებელი… ჩვენ სრულ უნდობლობას ვუცხადებთ ამ ადამიანს. იმ ანეკდოტისა არ იყოს, ჩვენი ხელიდან მკვდარია და დანარჩენი თქვენ იცით“, – ამბობს მწერალი პაატა შამუგია.
რაც შეეხება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილს, მან “რადიო თავისუფლებას” განუცხადა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იყო.
“მზად ვიყავი განმეხილა ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც მოიცავს სამინისტროსა და წიგნის გამომცემელთა საერთაშორისო ორგანიზაციის სამომავლო თანამშრომლობა და პასუხი გამეცა მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე. სამწუხაროდ, შეხვედრის ორგანიზატორებმა წიგნის გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლებს მიზანმიმართულად მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია, შეგნებულად შეეცადნენ, არ შემდგარიყო შეხვედრა და სამინისტროსთან მოსული დელეგაცია უკან გააბრუნეს. როგორც ჩანს, ეს მათ ინტერესებში შედიოდა, რაც სრულიად მიუღებელია!” – განაცხადა ხარატიშვილმა და დასძინა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, კვლავ მზადაა შეხვედრისთვის.
წყაყო: “რადიო თავისუფლება”.