საქართველოს და აზერბაიჯანის ერთობლივი კონსულტაციის შედეგად დავით გარეჯში არსებულ ვითარებას ექსპერტები ადგილზე შეიწავლიან. დარგის სპეციალისტებმა სადაო ტერიტორია მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვამდე უნდა შეისწავლონ. მომდევნო შეხვედრა კი ივნისში უკვე საქართველოშია დაგეგმილი.
დავით გარეჯში მიმდინარე პროცესებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გამოეხმაურა. მინისტრი იმედოვნებს, რომ საზღვრის დადგენის საბოლოო გადაწყვეტილება ორივე მხარისთვის მისაღები იქნება.
„სანამ გაიმართება მეორე რაუნდი მოლაპარაკებების, ჩვენ ველით, რომ ექსპერტები ადგილზე შეისწავლიან სიტუაციას. ივნისში უკვე თბილისში გაიმართება მეორე რაუნდი. კიდევ ერთხელ დარწმუნებული ვარ, რომ ის ნება, რომელიც გამოხატულია როგორც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აზერბაიჯანის მხრიდან, ისე საქართველოს მხრიდან, მაძლევს მე იმის თქმის საფუძველს, რომ შესაძლებელია მიღწეულ იქნას ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმება,“-განაცხადა ზალკალიანმა.