ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უფალთან მართალი ვარ, მთელი ქალაქი მიცნობს, ვინ ვარ და რა ვარ, არაფრის დატოვებას არ ვაპირებ” – კოსტავა

ქართული ოცნებიდან ქუთაისის საკრებულოს წევრი, ნანა კოსტავა, აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს, ვინაიდან იგი უფალთან, საზოგადოებასთანა და სალომე ბარკერთან მართალია. ამის შესახებ კოსტავამ On.ge – სთან ინტერვიუსას განაცხადა

“თავი მიმაჩნია მართლად იმიტომ, რომ არ ვიცოდი ეს ინფორმაცია. გავა დრო და დარწმუნდება ხალხი ჩემს პიროვნებაში. მთელი ქალაქი მიცნობს და იცის, ვინ ვარ და რა ვარ და რომ ბავშვის სიკვდილი მიხარია თუ არა. გაირკვევა თეთრიც და შავიც”, — თქვა დეპუტატმა.

ის აღნიშნავს, რომ “უხარია, უფლისა და მართლმადიდებლობის დაცვის გამო ქვებს რომ ესვრიან”.

“თუ გინდ ჯვარიც დამადე, თუ გინდა მაწამე, თუ გინდა ძმარიც მასვი, როგორც უფალი იესო ქრისტე, მე არაფრის არ მეშინია. ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენთვის და ჩვენც ჯვარს ვეცმებით მისთვის. ეს იყო ინფორმაციის არცოდნა, რომელშიც მე თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ”, — აცხადებს კოსტავა.

მისივე თქმით, თუ საჭირო გახდება, თბილისში სალომე ბარკერთან ჩავა და მიუსამძიმრებს.

“დედა, ასე შეკრული ერი ნეტავი ვიყოთ დავით გარეჯის მიმართებაში, სამაჩაბლოს მიმართებაში, აფხაზეთის მიმართებაში. ვთქვათ, რაღაც ვიცოდი და შევცდი, გამოვშტერდი ამხელა ქალი, ასეთი ზიზღი და ბოღმა შეიძლება? ბულინგის მსხვერპლი რომ ვარ, იმას ვერ ხვდებით?” — თქვა საკრებულოს წევრმა.

შეგახსენებთ, ქუთაისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატმა, ნანა კოსტავამ Facebook-ზე სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!”  ბარკერის და ლაგოდეხის ექსკურსიისას გარდაცვლილი 16 წლის მოზარდი გოგონაა.

იტვირთბა....