ექსკურსიაზე დაღუპული ბავშვის კლასელი ქ.ხ ტრაგედიის დეტალებს ჰყვება. მოზარდი შესაბამის წერილს სოციალურ ქსელში სხვა თანაკლასელების სახელით ავრცელებს.
“მეტრონომი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„11 საათზე ვიყავით ლაგოდეხის ნაკრძალთან. არავინ დაგვხვედრია, არც ამკრძალავი ნიშანი შეგვხვედრია.
ვნახეთ, რომ ტურისტებიც იმ გზით მიდიოდნენ და ჩვენც გავუყევით გზას. დავინახეთ ხანშიშესული კაცი (რეინჯერი), რომელსაც ჩვენთვის ყურადღება არ მოუქცევია, არაფერი უკითხავს, არაფერი ურჩევია.
შემდეგ შევხვდით ჩვენ, რომლებსაც ლანჩი მოგვქონდა, ჩვენთან ერთად მყოფმა სპორტის მასწავლებელმა გააჩერა (თვითონ არ გაჩერებულა!) და ჰკითხა, უსაფრთხო იყო თუ არა ჩანჩქერზე ასვლა, რადგან ვიცოდით, რომ ორი კვირის წინ იყო წყალდიდობა კახეთში და საშიშროებას ხომ არ წარმოადგენდა იქ ასვლა.მისგან მივიღეთ პასუხი, რომ წყალდიდობამ გააფუჭა გზები, გვირჩია სხვა გზით წავსულიყავით, იქ არანაირი საშიშროება არ გველოდა.
ჩვენ დავეწიეთ ჯგუფს, ვუთხარით რეინჯერის ნათქვამი და ყველამ ერთად გავაგრძელეთ გზა. ყველა ერთი ტემპით ვერ მივდიოდით, ამიტომ დავიყავით რამდენიმე ჯგუფად. სამივე ჯგუფს ჰყავდა თითო მასწავლებელი ხელმძღვანელი.
სოფიმ გზის დიდი ნაწილი გაიარა მესამე ჯგუფთან, თუმცა იმის გამო რომ ძალიან უნდოდა ჩანჩქერზე ასვლა, დაწინაურდა და მეორე ჯგუფისკენ გაეშურა. ავედით…ნაწილმა ფოტოები გადავიღეთ, სპორტის მასწავლებელთან ერთად, რომელიც პირველ ჯგუფს ხელმძღვანელობდა შევედით წყალში და გავგრილდით( იქვე ბანაობდნენ ტურისტებიც და ადგილობრივებიც, სახიფათო არაფერი ჩანდა!).
ამის შემდეგ ავედით დიდ ლოდზე, დავსხედით და ველოდებოდით დანარჩენ ჯგუფებს. ჩვენ ვხედავთ როგორ მოდის ჯგუფი და მოჰყვებათ უკან სოფი, რომელიც ჩვენამდე არ მოსულა.
სადაც ვისხედით, იქიდან ჩანდა (დაახლოებით, 30 მეტრში), როგორ მოიხსნა ჩანთა, შევიდა მუხლებამდე წყალში( ამ დროს წყალში არავინ იყო). დაახლოებით ხუთ წამში მოხდა ყველაფერი.
დაწვა მუცელზე, ორჯერ ხელი მოიქნია, ისეთი სიღრმის წყალში, რომ ხელით ქვებსაც კი ეხებოდა. წამებში სახით ჩვენკენ შემოტრიალდა, გვიყურებდა, გვიცინოდა.
ვერ აანალიზებდა, რომ დინებას სამმეტრიან ჩანჩქერისკენ მიჰყავდა,წამიერად ხელი მოჰკიდა ლოდს, თუმცა თავი ვერ გაიმაგრა და წყლის დიდმა ნაკადმა მორევში ჩაითრია. ტურისტებმა დაინახეს, რომ დინებას არსად წაუყვანია.
სავარაუდოდ, ქვის ქვეშ უნდა ჩაეთრია მორევს, ამიტომ ტურისტებს გამოვართვით თოკი, სპორტის მასწავლებელმა მოიბა წამებში და შევარდა მორევში. მასაც ითრევდა წყალი შიგნით, უკან გამოვიყვანეთ თოკით.
შემდეგ ეს თოკი მოიბეს ადგილობრივმა ბიჭებმა და შევიდნენ, თუმცა ამაოდ. საუბედუროდ, ამხელა გზაზე არცერთი რეინჯერის პოსტი არ იყო, არც SOS-ის ყუთი და იმის გამო რომ მობილური არ იჭერდა, ოთხნი გავიქეცით ავტობუსისაკენ და გზაში დავუკავშირდით 112-ს.
ტრაგედია დატრიალდა 14:50 სთ-ზე, დავრეკეთ 15:30სთ-ზე, სამაშველო მოვიდა 17:35სთ-ზე. ამის შემდეგ სამაშველომ იგივე მოიმოქმედა, რაც ჩვენ, მაგრამ ამაოდ. მათგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ სადაც სოფი ჩავარდა, იყო 4 მ. სიღრმის თხრილი.
ასევე მათგან გავიგეთ, რომ მაგ ადგილას სხვა წლებშიც დაღუპულან ადამიანები, თუმცა ასეთი უბედური შემთხვევები ისევ გრძელდება“, – ნათქვამია წერილში.
შეგახსენებთ, ლაგოდეხში მდინარეში ჩავარდნილი მოსწავლის ცხედარი 27 მაისს იპოვეს. ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთი მდინარეში ჩავარდა და გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.