ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მოლაპარაკების ხიბლი ეს არის, რომ ეს იქნება თქვენთვისაც მისაღები და ჩვენთვისაც მისაღები” – ზურაბიშვილი

სასტუმრო “ბილტმორში” აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, სადაც სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც გამოვიდა, აზერბაიჯანს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ორი ქვეყნის საერთო გზაზე ისაუბრა.

პრეზიდენტი შეეხო ბოლო დღეების აქტუალურ თემას, რაც უკავშირდება დავით გარეჯში შექმნილ პრობლემას. ზურაბიშვილმა ხაზი საკითხის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას გაუსვა.

“ჩვენ ასევე გვაერთიანებს ის, რომ ორივე ვიცავთ მეორე ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ასევე მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ერთობლივი გზა, იმიტომ რომ კავკასია არის და იქნება სტაბილურობის რეგიონი. ამიტომ, ვიღაცებს შეიძლება ეს არ მოსწონთ და ამიტომ მიდის ზოგიერთი საკითხების. ამ დღეებში არის აჟიოტაჟი ამ საკითხების ირგვლივ, რომელიც წყდება მეგობრებსა და ასეთ ახლობელ სახელმწიფოებს შორის. ასეთი საკითხები წყდება მოლაპარაკებებით და იმ კომისიებით, რომელიც არსებობს. ეს არის განვითარებული, ნორმალური და მშვიდობიანი დღევანდელი – 21-ე საუკუნის გზა მეგობართა შორის.

ვისაც უნდა, რომ სხვა გზაზე წაგვიყვანოს, ის ეკუთვნის წარსულს, წარსულს, რომელშიც არ დავბრუნდებით! ეს პოლიტიკური მანიპულაციები, რომელიც ორივე ქვეყანას ავნებს, იმიტომ რომ ავნებს კავკასიაში სტაბილურობას, მშვიდობას და განვითარებას, ის არავის არ სჭირდება და ჩვენ ეს კარგად გვესმის. ორ მეგობარს შორის არ შეიძლება იყოს გადაუწყვეტელი ჩვენი საზღვრების… იცით თქვენც და მეც, რომ ამაზე ვიმუშავებთ სერიოზულად და დარწმუნებული ვარ, მივაღწევთ შედეგს. მოლაპარაკების ხიბლი ეს არის, რომ ეს იქნება თქვენთვისაც მისაღები და ჩვენთვისაც მისაღები”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....