“ბევრი კითხულობს და აქაც ვაზუსტებ: 1938 წლის რუქით, (პირველი სქემატური რუქა, რომელიც შემდეგ მოდიფიცირდა 42 და 63 წლებში) საზღვარი გადის ჩიჩხიტურის ქედს ქვეშ და ამით სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე ექცევა. ეს რუქა ეხმიანება 1929 წლამდელ მდგომარეობას, ვიდრე სერგო ორჯონიკიძე, აზერბაიჯანელი კომუნისტების თხოვნის საფუძველზე, საზღვარს საქართველოს ინტერესების საზიანოდ შეცვლიდა და დაყოფის ხაზს ჩიჩხიტურის ქედზე გაატარებდა, ნაცვლად ძირისა. რითაც ხელოვნურად (და გამიზნულად) დაირღვა კომპლექსის ჯაჭვის ლოგიკური მთლიანობა. გარეჯის სამონასტრო კომპლექსი რომ ქართული კულტურული მემკვიდრეობაა დასტურდება ისტორიულ-კულტურული და ხუროთმოძღვრითი შეფასებით. სანაცვლოდ, პრაქტიკულად ვერ მყარდება მოსაზრება, რომ ეს შესაძლოა იყოს ალბანური კულტურის ძეგლი. დავა მიმდინარეობს მათ შორის, რომელი რუქით უნდა იხელმძღვანელოს სადემარკაციო კომისიამ. ლოგიკით (და ქართული პოზიციით) უნდა იხელმძღვანელოს პირველადი რუქით და ამოვიდეს იმ მოცემულობიდან რომ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი უნდა მდებარეობდეს ქართულ მიწაზე. მაგრამ ვიდრე სადაო საკითხი გადაიჭრება, სამწუხაროდ, კომპლექსის დაახლოვებით 2% დღეს – 1929 წლიდან მოყოლებული დღემდე – ფაქტობრივად განთავსებულია აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად (დაუდგენელ) საზღვრებში. მართალია, დღეს აზერბაიჯანის კეთილი ნებაა იქ ვის შეუშვებს, მაგრამ იმის მტკიცება, რომ ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაა, ვიდრე მიმდინარეობს მოლაპარაკება, ცალსახად არასწორია”.
ნინო კალანდაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე