ახალი ამბები

როგორც ჩანს, ზურაბიშვილი იმ ინსტრუქციით ხელმძღვანელობდა, რომლის მიზანიცაა კონფლიქტის ხელოვნური ესკალაცია – კალანდაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე სოციალურ ქსელში დავით გარეჯის თემას ეხმიანება და აცხადებს, რომ კონფლიქტი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი სახელმწიფოს, რუსეთის ინტერესში.

“დავით გარეჯი რომ ქართული კულტურული ძეგლია არ ექვემდებარება დავას.
სადაო არის მიმდებარე გეოგრაფიული მონაკვეთი – ქედი, რომელზეც, რუსეთის მონაწილეობით, გამიზნულად გაევლო პირობითი საზღვარი და რომელიც არ შეესაბამება 1938 წლის ისტორიულ რუქას, რომლის მიხედვითაც უნდა დელიმიტირდეს ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვარი.
პირობითი საზღვარი ამ ფორმით გაევლო სწორედ იმისთვის, რომ სადაო მონაკვეთი სპეკულაციის, ვაჭრობის და ხელოვნური კონფლიქტის მუდმივი კერა იყოს. დღეს, უკონტროლო დაპირისპირება და სახელმწიფოთაშორისი შუღლი არც საქართველოს და არც აზერბაიჯანის ინტერესშია. კონფლიქტი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი სახელმწიფოს, რუსეთის ინტერესში, რომელმაც „საზღვარი“ იმთავითვე ამ მიზნით გაავლო.

სალომე ზურაბიშვილის ცალსახად უდროო, უადგილო და სახელმწიფოსთვის მოუმზადებელი განცხადება, რომელიც, მინიმუმ ფორმალურად, საფუძვლად დაედო აზერბაიჯანის საპასუხო ქმედებებს, როგორც დაკვირვებით ჩანს, არ წარმოადგენდა საგარეო უწყებასთან შეთანხმებულ ინსტრუქციას. იგი ვერც დაუდევრობად ჩაითვლება პირისგან, რომელიც თავად ხელმძღვანელობდა საგარეო უწყებას; საჯარო მესიჯი ამ ფორმით ვერ შეთანხმდებოდა ორმხრივი მოლაპარაკების მაგიდასთან (რაც დამკვიდრებული პრაქტიკაა) და ეს განცხადება არაერთგზის გაიმეორებულ იქნა საჯაროდ. როგორც ჩანს, ზურაბიშვილი იმ ინსტრუქციით ხელმძღვანელობდა, რომლის მიზანიცაა კონფლიქტის ხელოვნური ესკალაცია იმ ფონზე, როცა ხელისუფლების ახალი ენერგოპოლიტიკის გამო, აზერბაიჯანთან იმთავითვე დაძაბული ფონია”, – წერს კალანდაძე.

მისივე თქმით, კონფლიქტის წახალისებას საქართველოს ხელისუფლება თავისი უმოქმედობით ცდილობს.

“პროცესის დეესკალაცია არის მხოლოდ ხელისუფლებების ხელში და მას სჭირდება და ყოფნის პოლიტკიური ნება. თუ დეესკალაცია არ ხდება, ნიშნავს იმას, რომ ამის მზაობა და სურვილი არ აქვს რომელიმე ხელისუფლებას. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საკითხის პროვოცირება მოახდინა ქართულმა მხარემ, ხოლო ახლა კონფლიქტს, პრაქტიკულად, მხოლოდ აღვივებს თავისი უმოქმედობით (კომისიის შემადგენლობის ცვლა და მესაზღვრეების დონეზე საკითხის მოგვარების მცდელობა ვერ ჩაითვლება ადეკვატურ მოქმედებად) და “ნებაზე მიშვებული” სამოქალაქო აქტივიზმით, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ კონფლიქტის წახალისებას ცდილობს საქართველოს ხელისუფლება მესამე ქვეყნის დავალებით”, – წერს კალანდაძე.

შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს პრეზიდენტი ზურაბშვილი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდა და განაცხადა, რომ “სასწრაფოდ უნდა მოვაგვაროთ საზღვრის დადგენის საკითხი, რომელიც ვეღარ ითმენს”. გარდა ამისა, ზურაბიშვილის განცხადებით, აუცილებელია, ძეგლის აღდგენაზე მუშაობა დაიწყოს.

იტვირთბა....