ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზესტაფონში რკინიგზის ორ თანამშრომელს საწყობში რელსები დაეცა

ზესტაფონში, საქართველოს რკინიგზის ერთ-ერთ ობიექტზე ორი თანამშრომელი დაშავდა. მათ საწყობში რელსები დაეცათ. დაშავებულები ზესტაფონის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის  240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირებმაც.

“შრომის უსაფრთხოების ნორმების სავარაუდო დარღვევის მორიგი შემთხვევა სს ,,საქართველოს რკინიგზაში”:

ხიდებისა და გვირაბების ბრიგადირს (მ.ნ.) და მჭედელს (მ.ბ) სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს რელსები დაეცა. დაშავებულები ამჟამად ზესტაფონის საავადმყოფოში არიან გადაიყვანილნი. ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ექიმის, ვახტანგ ლაშხის ინფორმაციით, პაციენტი საშუალო სიმძიმით ორივე ქვედა კიდურის მოტეხილობით დილით, 09:10 საათზე შემიყვანეს. ექიმი ამბობს, რომ დაშავებულმა დაზიანებები ქვედა კიდურებზე რკინის სიმძიმეების დაცემით მიიღო. ამჟამად პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ადგილობრივი პირველადი პროფორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, შემთხვევა დასაწყობებული მასალების ჩამოშლას მოჰყვა.

უსაფრთხოების შესახებ კანონის თანახმად, კომპანია ვალდებულია საწარმოებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები დანიშნოს და მომხდარის მოკვლევის პროცესში დასაქმებულთა წარმომადგენელი ჩართოს. მიუხედავად ამ ვალდებულებებისა, სახელმწიფოს 100% წილის მქონე კომპანია – საქართველოს რკინიგზა, ამ დრომდე არ უზრუნველყობს პროფკავშირის შესაბამის ინფორმირებულობას და ჩართულობას პროცესში, რაც თავის მხრივ კანონის უხეში დარღვევაა.

საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტის ამ და სხვა უკანონო საქმიანობას, რაც შრომის უსახფრთხოებისა და შრომითი პირობების უგულებელყოფას უკავშირდება, სახელმწიფოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია უახლოეს პერიოდში განიხილავს” – ნათქვამია განცხადებაში

იტვირთბა....