თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მის მიერ გამართული პირველი საპროტესტო აქციიდან 1 წელი გავიდა.
ის მადლობას უხდის ადამაინებს, რომლებიც ამ დროს განმავლობაში მხარს უჭერდნენ.
„ჩვენი პირველი აქციის შემდეგ გავიდა ერთი წელი. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ, ვინც დღემდე ჩემს გვერდზე არიან. ამ ერთი წლის განმავლობაში, ენით გამოთქმა შეუძლებელია, იმდენი გამოვიარე – იმდენი ზეწოლა, იმდენი პროვოკაცია, ტალახის სროლა, შანტაჟი. არ ვიცი, ამას რა დავარქვა, მაგრამ ამის მიუხედავად მთელ საქართველოს ვეუბნები, მე არ ვისაუბრებ კონკრეტულ ადამიანებზე, მე დღეს პრეტენზია მაქვს მთელ ხელისუფლებასთან. სანამ მთელი ეს ხელისუფლება ჩემი შვილის მკვლელობისა და ჩემი ამ დღეში ჩაგდების გამო პასუხს არ აგებს, აქედან წამსვლელი არ ვარ, ეს პროტესტი გაგრძელება. რამდენიმე დღის მერე განვაცხადებ, რა მასშტაბის იქნება და როგორ გაგრძელდება ბრძოლა. მიუხედავად იმისა, რომ დავიღალე და თითქმის, ლამის წაქცევის პირას ვარ, კიდევ გავძლიერდები და გავაძლიერებ ამ ბრძოლას ჩემს ღირსეულ ადამიანებთან ერთად. მე ამას არავის შევარჩენ. გამოძიება იმიტომ გრძელდებოდა წელიწადნახევარი, რომ მთელი ხელისუფლება ელოდება, როდის დავარდება მაჩალიკაშვილი მუხლებზე. ნურას უკაცრავად, ტყუილად ირჯებიან და ფიქრობენ, რომ მაჩალიკაშვილი გატყდება და თემირლანის საქმე ჩაიფარცხება. არა, მე ჩემი გეგმები მაქვს, ჩემი სტრატეგიები, რა გზით უნდა გავაგრძელო ეს აქციები. მოგვიანებით ყველა მიხვდება, რა ფორმით ვაგრძელებ. სამართლისა და კანონის ჩარჩოებს არ გავცდები. გოგაშვილი არის დამფრთხალი, დღეს რას იძახის, ხვალ რას ამბობს და ზეგ – რას. ჯერ იძახის, საფრთხეა, მე მომკლავენ, იმას დააბრალებენ და პირიქით, იმას მოკლავენ, მე დამაბრალებენო. არავის არაფერს არ დააბრალებენ, ეს უკვე შეშინებული ადამიანის სიტყვებია. სიმართლე გითხრათ, მე იმ ადამიანთან ბრძოლის სურვილი დამეკარგა. მე ამ ადამიანს მივიჩნევ ლაჩრად. მებრძოლოს, რანაირი მეთოდებითაც უნდა. მე ყველა მეთოდით მზად ვარ, მაგრამ არა ისე, როგორც ის იძახის, რომ მე ვაპირებ იარაღით მის განადგურებას – ეს სულ არ მჭირდება. ეს რომ მდომოდა, სამ დღეში მაგას გავანადგურებდი. ეს არ მჭირდება”, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.