ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ

კოალიციამ  „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის“ გაავრცელა განცხადება დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც სხვა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმაც  დაუჭირეს მხარი.

24 საზოგადოებრივი ორგანიზაცია აკრიტიკებს დეცენტრალიზაციის სამთავრობო სტრატეგიის პროექტს და თვლის, რომ დოკუმენტის პროექტიდან შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ სტრატეგიის სამოქმედო ვადის გასვლის შემდეგ რა უფლებამოსილების, ფინანსებისა და ქონების  პატრონი იქნება თვითმმართველობა და რა მექანიზმები ექნება მას მოსახლეობისათვის ხარსისხიანი მუნიციპალური სერვისების შესათავაზებლად. გარდა ამისა, მასში საერთოდ არ არის ასახული ცალკეული უმნიშვნელოვანესი თემები, რის გამოც სტრატეგიის  არსებული სახით მიღება არ მოიტანს ხელშესახებ შედეგს. საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, სტატეგიასა და მის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაში მკაფიოდ აისახოს:

ფინანსური, ქონებრივი და უფლებამოსილებათა დეცენტრალიზაციის საკითხები, როგორიცაა მუნიციპალიტეტებისათვის ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების, მათ შორის, ტყის, წყლისა და მიწის რესურსების გადაცემა;

ცენტრალიზებული მართვის მოდელის მრავალდონიანი მმართველობით შეცვლისა და ადეკვატური სტრუქტურების ჩამოყალიბების საკითხები, რისი ვალდებულებაც საქართველოს ევროპის კავშირთან 2014 წელს დადებული ასოცირების ხელშეკრულებით აქვს აღებული;

თვითმმართველობის დონეზე საარჩევნო სისტემის რეფორმის აუცილებლობა.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აზრით, ამ საკითხებზე საბოლოო პოზიციის  ჩამოყალიბების მიზნით, უახლოეს ხანში უნდა იქნეს მოწვეული ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისა და დეცენტრალიზაციის სამთავრობო კომისიის გაფართოებული სხდომა, რომელში მონაწილეობის მიღების საშუალება ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლება.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

 კოალიციის „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის“ წევრები:

  • სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
  • ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი
  • კივიტას გეორგიკა
  • მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი
  • ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი
  • გორის საინფორმაციო ცენტრი
  • დემოკრატ მესხთა კავშირი
  • საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი
  • თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  1. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  2. მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია
  3. სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი
  4. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
  5. ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლი
  6. ქვემო ქართლის ქალთა ორგანიზაცია “ერთობა”
  7. ბოლნისის ენის სახლი
  8. ქვემო ქართლის ქალთა ორგანიზაცია “ქალი და სამყარო”
  9. ააიპ “ლორე”
  10. ააიპ “პირველი ევროპელი”
  11. მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება
  12. გაზეთი “თრიალეთის ექსპრესი”
  13. ახალქალაქის ბიზნეს ცენტრი
  14. ასოციაცია „ათინათი“
  15. სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო

 

გავრცელებული განცხადების ტექსტი

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტთან დაკავშირებით

თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველი ძლიერი თვითმმართველობის სისტემის არსებობაა. სამწუხაროდ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლებაში მყოფ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ეყო პოლიტიკური ნება, განეხორციელებინა დეცენტრალიზაციის რეფორმა. დღეისათვის ქვეყანაში კვლავ ნარჩუნდება მართვის ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც არ შეესაბამება ქართული საზოგადოების წინაშე მდგომ გამოწვევებს, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და საქართველოში ევროპული მმართველობითი სისტემის დამკვიდრებას.

2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსულმა “ქართულმა ოცნებამ” რეალური თვითმმართველობის ფორმირება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად გამოაცხადა. “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” სახით, შეიქმნა ახალი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ითვალისწინებდა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას მმართველობის სისტემის სრულფასოვანი დეცენტრალიზაციის მიმართულებით, კერძოდ,  ადმინისტრაციული მოწყობის ოპტიმიზაციას, ფინანსურ და ქონებრივ დეცენტრალიზაციას, მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის გაუმჯობესებასა და სხვა საკითხებს.

სამწუხაროდ, მომდევნო წლებში დეცენტრალიზაციის მიმართულებით კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებები არათუ არ შესრულდა, არამედ დაიწყო უკუპროცესი (თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის ჩამორთმევა, შესყიდვების, ადგილობრივი ფინანსებისა და ქონების განკარგვის სისტემის ცენტრალიზება და მისთ.).

2018 წლის დასაწყისში ხელისუფლებამ თავიდან დაიწყო დეცენტრალიზაციის ახალ, გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობა, შეიქმნა სამთავრობო კომისია და მისი სამუშაო ჯგუფები ფისკალური და ქონებრივი დეცენტრალიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისთვის უფლებამოსილებათა გადაცემისა და მოქალაქეთა მონაწილეობის საკითხებზე.

სამოქალაქო სექტორი აქტიურად ვიყავით ჩართული სამუშაო ჯგუფების მუშაობაში. ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარვადგინეთ წინადადებები დეცენტრალიზაციის კუთხით გასატარებელი პოლიტიკის თაობაზე, თვითმმართველობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირებისა და დეცენტრალიზაციის საკითხზე სახელმწიფოს კომპლექსური მიდგომის ჩამოსაყალიბებლად, მათ შორის, ფინანსური და ქონებრივი დეცენტრალიზაციის განხორციელების გზით. ჩვენი მიდგომა ეფუძნება, ერთი მხრივ, აღმოსავლეთ ევროპის გამოცდილებას, მეორე მხრივ, იმ პოსტულატს, რომ დეცენტრალიზაციის ახალი სამთავრობო სტრატეგია აუცილებლად უნდა იყოს წინგადადგმული ნაბიჯი 2013 წელს მიღებულ „თვითმმართველობის კოდექსში“ დაფიქსირებულ პრინციპებთან შედარებით.

ამ ეტაპზე სტრატეგიის პროექტით:

  • თვითმმართველობის შემოსავლების ძირითად წყაროდ კვლავ დარჩება ცენტრალური ხელისუფლების ტრანსფერები. მუნიციპალიტეტებს არ ექნებათ  განვითარებისათვის აუცილებელი ფინანსურ-ქონებრივი მექანიზმები, არ მოხდება თვითმმართველობის სტიმულირება, რომ თავისი ეკონომიკური აქტივობით გაზარდოს საკუთარი შემოსავლები, ხოლო საკუთარი უფლებამოსილებების შესრულებისთვის აუცილებელი თანხების მისაღებად ისევ ორიენტირებული დარჩება ცენტრიდან ფინანსური დახმარების მიღებაზე;
  • მხოლოდ ზოგადი ფრაზებით არის ასახული სამოქალაქო საზოგადოების მიერ სამუშაო ჯგუფებში გამოთქმული კონკრეტული წინადადებები ქონების გადაცემის, საშემოსავლო და სხვა გადასახადების წილის ადგილობრივ ბიუჯეტებში მიმართვისა და ქმედითი გათანაბრებითი მექანიზმის შექმნის თაობაზე;
  • უფლებამოსილებათა გადაცემისა და სხვა საკითხები კვლავ ძალზე ბუნდოვანი ფორმულირებებით არის წარმოდგენილი;
  • არ არის დადგენილი სტრატეგიის შესრულების მკაფიო ინდიკატორები, სტრატეგიის  განხორციელების ეტაპები და რეალური ვადები.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჯერ-ჯერობით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის პროექტიდან შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ სტრატეგიის სამოქმედო ვადის გასვლის შემდეგ რა უფლებამოსილების, ფინანსებისა და ქონების  პატრონი იქნება თვითმმართველობა და რა მექანიზმები ექნება მას მოსახლეობისათვის ხარსისხიანი მუნიციპალური სერვისების შესათავაზებლად.

ამავე დროს, ახალი სტრატეგიის პროექტში საერთოდ არ არის ასახული ისეთი უმნიშვნელოვანესი თემები, როგორიცაა:

  • ცენტრალიზებული მოდელის მრავალდონიანი მმართველობით შეცვლა, რისი ვალდებულებაც საქართველოს ევროპის კავშირთან 2014 წელს დადებული ასოცირების ხელშეკრულების XXI თავის 372ე და 373-ე მუხლებით აქვს აღებული;
  • რეფორმირების პროცესის შესაბამისად, ადგილობრივი არჩევნების სისტემის დროული ცვლილების საჭიროება.

 მიგვაჩნია, რომ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის არსებული სახით მიღება არ მოიტანს ხელშესახებ შედეგს, თუ მასში არ იქნა მკაფიოდ განსაზღვრული ქმედითი ღონისძიებები და მათი შესრულების ვადები ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებით.

 იმისათვის, რომ მომავალში კვლავ არ დადგეს პროცესის თავიდან დაწყების საჭიროება, მოვუწოდებთ ხელისუფლებას:

 სტატეგიასა და მის სამოქმედო გეგმაში(2019-2020) მკაფიოდ და სრულყოფილად ასახოს:

 ფინანსური, ქონებრივი და უფლებამოსილებათა დეცენტრალიზაციის საკითხები, კერძოდ, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ გარდამავალი დებულების 154-ე, 162-ე და 165-ე მუხლებში მოცემული ბიუჯეტებს შორის შემოსულობებისა და უფლებამოსილებათა გამიჯვნის, მუნიციპალიტეტებისათვის ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების, მათ შორის, ტყის, წყლის და მიწის რესურსების გადაცემის საკითხები;

  • ცენტრალიზებული მართვის მოდელის მრავალდონიანი მმართველობით შეცვლისა და ადეკვატური სტრუქტურების ჩამოყალიბების საკითხები, რასაც ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულებაც გვავალდებულებს;
  • თვითმმართველობის დონეზე საარჩევნო სისტემის რეფორმის აუცილებლობა.

 ამ საკითხებზე საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით, უახლოეს ხანში მოწვეულ იქნეს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისა და დეცენტრალიზაციის სამთავრობო კომისიის გაფართოებული სხდომა, კომისიის თავმჯდომარემ კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, სათათბირო ხმის უფლებით, მოიწვიოს ყველა დაინტერესებული პირი, როგორც ამას სამთავრობო კომისიის დებულების მეოთხე მუხლის მეშვიდე პუნქტი და მეხუთე მუხლის მეშვიდე პუნქტი ითვალისწინებს.

 

იტვირთბა....