იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შესარჩევი კონკურსის კენჭისყრის გამართვას გამოეხმაურა და აღნიშნა, იუდა ისკარიოტელი რომ გამოვიდეს კონკურსზე “კლანს” აქვს სრული საშუალება, რომ ის ნებისმიერ თანამდებობაზე დანიშნოს სასამართლოში.
ანა დოლიძის თქმით, სასამართლო სისტემაში არსებული „კლანიდან” გამომდინარე ამ პროცესს კონკურსთან საერთო ძალიან ცოტა აქვს.
„ამას კონკურსს არ ვუწოდებდი, ეს არის “კლანის” დიდი გადალაგება. ამ პროცესის მნიშვნელობით, რომელიც ძალიან დაშორებულია კონკურსის იდეას “კლანის”წევრები გადალაგდნენ ერთი თანამდებობიდან მეორეზე. ამის საშუალებას იძლევა ის სრული ფარსი, რომელიც საქართველოს პარლამენტს შექმნილი აქვს საკონკურსო პროცედურის საშუალებით. როგორც არაერთხელ ვთქვი, იუდა ისკარიოტელი რომ გამოვიდეს კონკურსზე ” კლანს” აქვს სრული საშუალება, რომ ის ნებისმიერ თანამდებობაზე დანიშნოს სასამართლოში. ამ პროცესს კონკურსთან საერთო ძალიან ცოტა აქვს. ეს იყო ეტაპი,როდესაც “კლანის” წევრები გადალაგდნენ სასამართლოს შიგნით ერთი თანამდებობიდან მეორეზე”,- განაცხადა დოლიძემ.
მისი განმარტებით, კენჭისყრის პროცედურაში, როგორც საბჭოს წევრი მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ამას სიმბოლური ფორმა აქვა, რადგან “კონკურსი ფასადურია”.
“მე, როგორც საბჭოს წევრი ვახორციელებ ჩემს უფლებამოსილებას, ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველა ეტაპზე შესაბამისი ქულებიც დავწერე და შესაბამისი პასუხებიც გავეცი კითხვას, თუმცა ეს პროცესი იმდენად ფასადურია, რომ საბჭოს უმრავლესობას შეუძლია დასაბუთების, ქულების მისადაგების გარეშე საკუთარი კოლეგები გადაალაგოს სასამართლოს შიგნით ისეთ თანამდებობებზე, როგორც სურს. ამიტომ, ჩემი და უმცირესობის მონაწილეობა ამ პროცესში არის სრულიად სიმბოლური. ამის შესაძლებლობას იძლევა ის ფაქტი,რომ “ქართული ოცნება” არის მოტივირებული, რომ სწორედ ამ “კლანს” ჩაუგდოს ხელში საბოლოო ჯამში სასამართლო ძალაუფლება” , – განაცხადა ანა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შესარჩევი კონკურსის კენჭისყრა გაიმართება.