ბლოგები საზოგადოება

დღეს ოჯახის საერთაშორისო დღეა (ბლოგი)

გილოცავთ 15 მაისს!.. ოჯახის საერთაშორისო დღეს!

გილოცავთ, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება არასაკმარისად ბრძენი აღმოჩნდა იმისთვის, რომ “ოჯახი”-ს და “საერთაშორისო” -ს შორის “სიწმინდე” ჩაემატებინა და ამით ოჯახის მნიშვნელობისთვის რაღაცა შარავანდედისმაგვარი მოევლო, თუმცა მისი მთავარი შეცდომა მაინც სხვა იყო… ქართული ჭაღარა და ბრძენი თავისგან განსხვავებით საერთაშორისო ფუქსავატ ტვინუკაში ნაოჭები არ აღმოჩნდა საკმარისად იმისთვის, რომ კალენდარული დღე განესაზღვრა მართლა ოჯახური და ჭეშმარიტად წმინდა!..

ერთ დღეს ორი დღესასწაული უფრო გრანდიოზული, თვალისმომჭრელი და სიხარულით აღსავსე არ იქნებოდა? ერთ დღესასწაულს ორი არ ჯობს… ან ორს სამი?!

როგორც ჩანს, არ შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა ზუსტად იმ მოსალოდნელი არასასურველი შედეგების გამო, რომლებიც განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანთა ერთად თავშეყრას საუბედუროდ მოსდევს ხოლმე.

სამაგიეროდ ჩვენთან შეიძლება!.. ჩვენ ხომ ერთ-ერთი ყველაზე დაღვინებული, მართლისა და მცდარის, კეთილისა და ბოროტის, წმინდის და უწმინდურის უშეცდომოდ განმსაზღვრელი ერი ვართ!..

ეს ამ ლიბერასტებისა თუ მამაძაღლების უშნო ახირებაა თითქოს ორ დღესასწაულს ერთი თარიღი მიზანმიმართულად დაამთხვიეს და თითქოს დაამთხვიეს იმიტომ, რომ ადამიანთა ჯგუფებს შორის ვოლტაჟი გაეზარდათ და ერთგვარი წნეხი აემუშავებინათ, თორემ სინამდვილეში სახელმწიფოსა და ეკლესიის მეტად ჰარმონიულმა დუეტმა ამ ნაბიჯით ადამიანებს, თავის საყვარელ ხალხს, ერთ დღეში ჩატეული ორი დღესასწაული გვაჩუქა, დღესასწაულების ერთგვარი თაიგული მოგვართვა.

ქართულ სახელმწიფოს, ისევე როგორც ქართულ ეკლესიას (ერთი ორგანიზმია, მაგრამ ფორმალობას ვცეთ პატივი) ანალიზის მეტი უნარი რომ გააჩნდეს, ფსონს იმ ძალებზე აღარ ჩავიდოდა, რომელზედაც დღემდე ჩადის და რომელიც დღითიდღე კლებულობს როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოშიც.

კონსერვატიზმი განწირული იმიტომ კი არ არის, რომ მას მტრები გამოუჩნდა, არა! – მან უბრალოდ თავისი თავი ამოწურა…

საგანში ჩახედული ადამიანი შეამჩნევდა თუ როგორ არბილებს, როგორ მოქნილად უდგება მთელ რიგ, საუკუნეებით გამყარებულ მიდგომებსა და საკითხებს კათოლიკური ეკლესია. ვატიკანში დღეს გაცილებით უფრო მეტად გონიერი ხალხი განაგებს, ვიდრე მართლმადიდებლური ეკლესიის ერთად აღებულ ცენტრებში.

წინასწარ იმის ცოდნა, რომ ადამიანთა რადიკალურად განსხვავებული ჯგუფების ერთად თავშეყრის მცდელობას მინიმუმ შეხლა-შემოხლა მოყვება, მაქსიმუმ კი სისხლისღვრა და ამის მაინც დაშვება, არის წმინდა წყლის ბოროტება და არანაირი გამართლება ამას ეკლესიისთვის არ აქვს… სახელმწიფოსთვის შეიძლება ჰქონდეს, ვინაიდან სახელმწიფო, თავის არსში, ვერაგ აპარატს წარმოადგენს… თუმცა, როგორც ზემოთ ითქვა, მათ შორის მხოლოდ ფორმალური განსხვავებაა და ერთი ყოველთვის მეორის ზურგის გამაგრებას ემსახურება… ემსახურება იქამდე, სანამ ურთიერთსარგებლობას ზომა, წონა და რაოდენობა აქვს, ოღონდ… როგორც ზემოთ ითქვა დღევანდელი სახელმწიფოსა და ეკლესიის შეხმატკბილებული წყვილი ფსონს ერთმნიშვნელოვნად წაგებულზე ჩადის და ეს ჯერ არ იცის.

 

ვასო შონია

იხილეთ ყველა ბლოგი

იტვირთბა....