ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე მოსახლეობას მოუწოდებს, გოძიაშვილის პარკის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღონ

ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკი, ე.წ. წითელი ბაღი დღეს საზეიმოდ გაიხსნება, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერი მოსახლეობას მოუწოდებს, პარკის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღონ.

„ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკის რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ და სამუშაოები უკვე დასრულებულია. გუშინ პირადად ვიმყოფებოდი ადგილზე და რეაბილიტირებული პარკი დავათვალიერე. გულწრფელად გეტყვით, ემოციებს ვერ ვმალავ, ისეთი ლამაზი გამოვიდა. პროექტის ფარგლებში, ბავშვებისთვის ორი საბავშვო მოედანი მოეწყო, ძაღლებისთვის გამოყოფილია კონკრეტული ადგილები. ასევე, არის სასეირნო და სარბენი ბილიკები. ყოველ საღამოს, რა დროსაც არ უნდა მიხვიდეთ, პარკი სავსეა სხვადასხვა ასაკის ადამიანებით – სეირნობენ, დარბიან ან ბავშვებს ასეირნებენ. ეს გარემო, სიტუაცია მართლაც ულამაზესია. ასეთი თბილისი, ასეთი საქართველო გვინდა ჩვენ, რომელიც ყველანაირად მოწესრიგებული და გამართული იქნება თავისი ინფრასტრუქტურით. მჯერა, რომ ჩვენი შრომით, ძალისხმევით ამას მივაღწევთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა კომპანია „აქსისს“ მადლობა გადაუხადა, რომელმაც ერთი საბავშვო მოედნის მოწყობის სამუშაოები დააფინანსა. კახა კალაძემ ასევე, მადლობა გადაუხადა „ვითიბი ბანკს“, რომელიც პარკში დაგეგმილი ღონისძიების პარტნიორია.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პარკი საზეიმოდ დღეს, 20:00 საათზე გაიხსნება. ასევე, გაიმართება სტეფანე მღებრიშვილის კონცერტი. ამასთან, ღონისძიების სპეციალური სტუმარი ნანი ბრეგვაძე იქნება.

კახა კალაძემ დედაქალაქში სხვა პარკების რეაბილიტაციის პროექტების შესახებაც ისაუბრა.

„სწორედ ასეთი პარკების მოწყობა გვსურს ქალაქში. თქვენ იცით, რომ ამ მიმართულებით ბევრი პროექტი გვაქვს დაწყებული. ეს არის ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია, უახლოეს პერიოდში კი ვაკის პარკზე გვეყოლება გამარჯვებული კომპანია. ასევე, ვიწყებთ დიღმის ჭალების 10 ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი პარკის გაშენებას. ჩვენი მთავარი გამოწვევა არსებული ეკოლოგიური პრობლემის მოგვარება და მოწესრიგებაა. სწორედ ასეთი პროექტებითაა ეს შესაძლებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გოძიაშვილის სახელობის პარკის კეთილმოწყობის სამუშაოების საერთო ღირებულებამ დაახლოებით 2,5 მილიონი ლარი შეადგინა.

იტვირთბა....