ზუგდიდში, 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან გაერთიანებული ოპოზიცია აქციას მართავს. მათი თქმით, საოლქოს თავმჯდომარე მირანდა მესხი ცესკო-ს დავალებას ასრულებს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, ის სიცოცხლესაც არ დაზოგავს არჩევნებში გასამარჯვებლად.
„ჩემს სიცოცხლესაც არ დავზოგავ. არ დავუშვებთ მათ მცდელობას არჩევნების გაყალბების შესახებ. ჩვენ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
თავის მხრივ, ცენტრალური საარჩევნო კომისია ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, არ გასცდნენ საკანონმდებლო ჩარჩოს, იმოქმედონ კომპეტენციის ფარგლებში და მისცენ საოლქო საარჩევნო კომისიას მუშაობის საშუალება, რომელიც ახორციელებს საქმიანიბას კანონმდებლობის მიხედვით.
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში უკმაყოფილება მოჰყვა ამომრჩეველთა სამაგიდო სიების საარჩევნო უბნებზე კანონით განსაზღვრულ დროზე ადრე გადაცემას. ოპოზიციის განცხადებით, სიები კენჭისყრამდე 6 დღის ადრე გაიცა, როცა კანონის მიხედვით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უნდა გაცემულიყო.
მირანდა მესხმა სამაგიდო სიების რამდენიმე უბნის გადაცემაზე თავდაპირველად თქვა, რომ ეს შემთხვევით მოხდა, თუმცა ცოტა ხანში განმარტა – ერთიანი სიების სამაგიდო ვერსია დროზე ადრე იმ მიზეზით გასცეს, რომ მუნიციპალიტეტში 107 საარჩევნო უბანია და მათი მომსახურება ერთდროულად ვერ ესწრება.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობა უკვე დატოვეს.
ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნა, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის გადადგომის და რეგისტრაციის ახალი ბეჭდების თბილისიდან ჩამოტანის შესახებ უცვლელია.