ცენტრალური საარჩევნო კომისია ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, არ გასცდნენ საკანონმდებლო ჩარჩოს, იმოქმედონ კომპეტენციის ფარგლებში და მისცენ საოლქო საარჩევნო კომისიას მუშაობის საშუალება, რომელიც ახორციელებს საქმიანიბას კანონმდებლობის მიხედვით.
“აღსანიშნავია, რომ ცესკო და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაცია ყოველთვის მოქმედებდა და იმოქმედებს კანონის ფარგლებში. 15 მაისს, დღის პირველ ნახევარში საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას ცესკოს პოზიციისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ”, – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
14 მაისს, ღამით, ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ და განაცხადდეს, რომ ზუგდიდის სოფლებში სამაგიდო სიები არჩევნებიდან ხუთი დღით ადრე გაატანეს, რაც მათი თქმით, კანონდარღვევაა და არჩევნების გაყალბების მცდელობას წარმოადგენს, თუმცა კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის თქმით, მათ კანონი არ დაურღვევიათ და ყველა პროცედურა კანონის დაცვით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, 19 მაისს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.