“პალიტრანიუსის” გადაცემაში, უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ არ სჯერა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან ნინო გვენეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგა.
მისი თქით გვენეტაძის გადადგომა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული შიდა დაპირისპირების გამო მოხდა.
„არც მჯერა და არც იყო ესე, რომ ის თავისი ნებით გადადგა.
მე ქალბატონ ნინოს ვხვდებოდი ხოლმე და ბუნებრივია, ვსაუბრობდით. ვიცი, მისი წუხილი და მისი კრიტიკული დამოკიდებულება ჩინჩალაძის ჯგუფის მიმართ.
მას ჰქონდა კონფლიქტი ამ ჯგუფთან. ის გადადგომას არ აპირებდა. მე მას რამდენიმე დღით ადრე ვესაუბრე და სანამ გადადგებოდა, აგვისტოში, გერმანიაში, მაქს პლანკის ინსტიტუტის მიწვევით ვიყავი და ზუსტად იქ უნდა ჩამოსულიყო ნინოც. ერთიანი კონფერენცია უნდა ჩაგვეტარებინა საქართველოს მართლმსაჯულების თემაზე და ველოდებოდით. უცებ განცხადება გააკეთა გადადგომაზე. წინა დღეს ვესაუბრე, არც ფიქრობდა, არც აპირებდა ასეთ რამეს.
როგორც ჩანს, ის იძულებული გახადეს ასეთი გადაწყევტილება მიეღო. არ ვიცი. მე, მაინც მგონია, რომ მოვა დრო, როდესაც ის ისაუბრებს ამ თემებზე. არ ვიცი, თვითონ რატომ ვერ დგამს ამ ნაბიჯს. მე, ჩემი მხრიდან შემიძლია გითხრათ და ჩემს სიტყვებზე ვარ პასუხისმგებელი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიაა, რომელიც ასე ჩვეულებრივ არ იწერება, როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ასე გადადგება და გადადგომას წინ უსწრებს განცხადებები, რომ ის საბჭოს მხრიდან მძიმე მდგომარეობაში იყო. გახსოვთ ერთი განცხადება, რომ „მე ვარ ძალადობის მსხვერპლი” – ძალიან რთულ სიტუაციაში, ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო იმ შიდადაპირისპირების გამო, რაც იყო მასსა და იუსტიციის საბჭოს დანარჩენ წევრებს შორის.
მე, ადამიანურად თანავუგრძნობდი. ჩემი მხრიდან ნამდვილად გამოვხატავდი ამ მზაობას, რომ რითაც შემეძლო, ძალიან პრინციპულად ვიდექი იმ პოზიციაზე, რაც მიმაჩნდა რომ იყო სწორი. მე არ მჯერა და ეს ინფორმაციაც მაქვს, რომ ის იძულებული გახდა ეს გადაწყვეტილება მიეღო და ალბათ, მოვა დრო, როდესაც ის ამაზე ილაპარაკებს. როგორც ჩანს, იყო რაღაცა გარემოებები, რის გამოც მან ეს გადაწყვეტილება არჩია და ამ თემაზე დღემდე ვერ საუბრობს . მე, მართლა მინდა, მას ვუსურვო საკუთარ თავში იპოვოს ის ძალა, რომ თავად ისაუბროს ამაზე. მე, არ მგონია, რომ ეს ის თემაა, რომელიც შეიძლება იყოს ტაბუდადებული“, – თქვა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად ცოტა ხნის წინ დაინიშნა.