კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე “მეტრონომთან” ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის შესაძლო სამხედრო კონფლიქტზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს ნაკლებად მოსალოდნელია.
როგორც არეშიძე აცხადებს, ირანის დასუსტება იმდენი ძლიერი ქვეყნის ინტერესებში შედის, რომ უცნაურია აქამდე მსგავსი ნაბიჯები რომ არ გადაიდგა.
“ორი ვარიანტია. პირველი, ეს არის სპეციალურად გაშვებული, როგორც იციან-ხოლმე ამერიკულმა სპეცსამსახურებმა, სპეციალურად შეგდებული სატყუარა და რეაქციას დააკვირდებიან. მეორე ვარიანტია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა გაგიჟებულა.
იმ შემთხვევაში თუ ამერიკასა და ირანს შორის ომი დაიწყო, ჩვენ ეს ირიბად შეგვეხება. სხვათა შორის, ამ ომში ყველა ძლიერი მოთამაშეა დაინტერესებული. ირანის დასუსტება და განადგურება იმდენი ქვეყნის ინტერესებში შედის, უცნაურიცაა აქამდე მსგავსი ნაბიჯები რომ არ გადაიდგა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ეს იქნება რეგიონისთვის სერიოზული ტრაგედია.
ეჭვი მეპარება, რომ ომი დაიწყოს, თუმცა, თუ ეს მოხდა რუსეთი დადგება პოზაში, მაგრამ გულში ძალიან გაუხარდება. იმიტომ, რომ ირანი, გაურკვეულწილად, ენერგომოპოვების თვალსაზრისით, რუსეთის კონკურენტია. რუსეთი დაიწყებს საუბარს, რომ მის მეგობარს ავიწროვებენ და აუცილებლად უნდა გააძლიეროს ჯარები სამხრეთ კავკასიაში, რადგან ეს არის ირანის საზღვარი და ა.შ. საომარ ვითარებას საქართველოს ტერიტორიაზე არ ვვარაუდობ”, – აცხადებს არეშიძე.
შეგახსენებთ, რომ „ნიუ-იორკ თაიმსის” ინფორმაციით, აშშ ირანთან მიმართებაში სამხედრო გეგმას განიხილავს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას პენტაგონმა უკვე წარუდგინა გეგმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში 120 ათასი სამხედროს გაგზავნას ითვალისწინებს.