საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობას ძალიან აფასებს.
მისი შეფასებით, რეგიონში, რა თქმა უნდა, სირთულეები და პრობლემები რჩება.
„დღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ვმასპინძლობთ ექვსი პარტნიორი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს. უკვე საღამოს კი დონალდ ტუსკი მათ სადილზე უმასპინძლებს. ხვალ ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერთან ერთად დაგეგმილ ღონისძიებას მეც დავესწრები. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საიუბილეო თარიღს. ეს ინიციატივა მნიშვნელოვანად აისახა რიგით მოქალაქეებზე თითოეულ პარტნიორ ქვეყანაში. ევროკავშირი ამ პარტნიორობას ძალიან აფასებს. რეგიონში, რა თქმა უნდა, რჩება სირთულეები და პრობლემები, თუმცა ჩვენი პარტნიორობის შედეგად მოვახერხეთ და წინ წავიწიეთ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ეკონომიკური განვითარება, ადამიანის უფლებები, გავზარდეთ საზოგადოების როლი, მივაღწიეთ ვიზალიბერალიზაციას და ასე შემდეგ“, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ ბრიუსელში დაგეგმილი მინისტერიალის დაწყებამდე, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს ეძღვნება.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსი წევრის – საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ბელარუსის, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებს უმასპინძლებენ.