ახალი ამბები მთავარი სამართალი

მაჩალიკაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა დატოვა

მალხაზ მაჩალიკაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა დატოვა. დაკითხვა დაახლოებით 7 საათი გრძელდებოდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დაკითხვა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. მათ საქმეში არსებული მტკიცებულებები გააცნეს. ადვოკატის თქმით, ექსპერტიზისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილის ხმის ნიმუში აიღეს, რასაც ის დათანხმდა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სავარაუდოდ, თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, მოსახლეობისათვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში, გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა გუშინვე, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.

იტვირთბა....