პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ 20 დღის წინ მას კარავში წერილი შეუგდეს.
მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული ქმედებით მის პროვოცირებას ცდილობდნენ, რომ რაიმე კანონსაწინააღმდეგო განეხორციელებინა.
„დილით ადრე ვდგები სალოცავად და ამის შემდეგ ჩაის ვსვამ, დაახლოებით 20 დღის წინ, როცა ჩაის დასალევად გავედი, დავინახე კარავში შემოგდებული „სალფეთქი“, წითელი ტყვია ჰქონდა დახატული და რომ გადავშალე წავიკითხე „როგორც ფიქრობენ თქვენზე, რომ ხართ ღირსეული ადამიანი, ამის ერთი პროცენტიც არ ხართ თქვენ. რომ იყოთ, იარაღს აიღებდით ხელში და თქვენი შვილის მკვლელებს დასჯიდით“ – ეს იყო ნაწილი იმ ჩანაწერების, რომელიც გამოაქვეყნეს. პირველივე დღიდან ყოველთვის ცდილობდნენ ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანას, პროვოკაციაზე წამოგებას, რომ ვიღაცასთან მივსულიყავი. იგივე იმ სპეცრაზმელის სახელი რომ გამომიგზავნეს, ეს არის შენი შვილის მკვლელიო. ამასწინ გოგაშვილის ცოლი ალაპარაკდა, ჩემი ქმარი კი არა, ესა და ეს პიროვნებაა დამნაშავეო. ამათ ახლა დაიწყეს ერთმანეთზე გადაბრალება და მგონი გოგაშვილმაც დაიწყო ალაპარაკება და ამიტომ დაიწყო სუს-მა ეს ყველაფერი, რომ ვითომ გოგაშვილის დაცვა დაიწყო“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სავარაუდოდ, თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გაავრცელა.
უწყების ინფორმაციით, მოსახლეობისათვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში, გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა გუშინვე, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.