ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე შეხება არ მქონია, მაბრაებენ” – გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი იოსებ გოგაშვილი აცხადებს, რომ პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან, რას დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა,  შეხება არ ჰქონია.

გოგაშვილის მტკიცებით, პანკისის სპეცოპერაცია იმ ტიპის ღონისძიება არ იყო, სადაც მაღალი თანამდებობის პირები დადიან. მისივე თქმით, არც სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა და მალხაზ მაჩალიკაშვილთან პირადი ან სატელეფონო კომუნიკაცია არცერთხელ არ ჰქონია.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ამტკიცებდნენ, რომ იოსებ გოგაშვილი სპეცოპერაციის ღამეს მათთან ჩავიდა და ემუქრებოდა.

“თითის ქნევით მითხრა, გახსოვს სალოსზე [ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა] რა მოხდა, გახსოვს მანდ სპეცრაზმელი რომ მოკლესო. სპეცრაზმელი თუ მოკლეს მე ან ჩვენ რა შუაში ვარ-მეთქი, ვკითხე. დამუქრებით მითხრა, თქვენ ძალიან კარგად იცითო”, — ამბობდა მედეა მაჩალიკაშვილი.

იოსებ გოგაშვილმა ეს ბრალდება თავიდანვე უარყო და განაცხადა, რომ სპეცოპერაციის ღამეს დუისში არ ჩასულა და სახლში იყო.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სავარაუდოდ, თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, მოსახლეობისათვის ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში, გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა გუშინვე, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს. სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის საუბარი სატელეფონო ჩანაწერი არ არის.

იტვირთბა....