ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“სანამ რუსთავი 2-ის საქმეზე ე.წ. შეჩერების გადაწყვეტილება ძალაშია, საჯარო დაწესებულება ნაბიჯს ვერ გადადგამს” – წულუკიანი

“რუსთავი 2”-ის საკითხის შეფასებისას იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე ორი წელია, სტრასბურგის სასამართლოს მიერ ე.წ. შეჩერების გადაწყვეტილება, დროებითი ღონისძიება იქნა მიღებული, რომელიც დღესაც ძალაშია.

მისი თქმით, შესაბამისად, საჯარო დაწესებულება აღმასრულებელი ხელისუფების ფარგლებში, ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადადგამს, სანამ შეჩერების გადაწყვეტილება ძალაშია.

„ვფიქრობ, რაც არ უნდა უკმაყოფილო იყოს „რუსთავი 2“-ის, როგორც კომპანიის ერთ-ერთი მესაკუთრე ნინო ნიჟარაძე სხვა მესაკუთრეებით, ან არ მოსწონდეს მას და სამართლებრივი პრეტენზიები და არგუმენტები ჰქონდეს მისივე კუთვნილი კომპანიის ხელმძღვანელობასთან, მთავარია, ყველას კარგად გვახსოვდეს და გვესმოდეს, რომ ორი წელია, სტრასბურგის სასამართლოს მიერ ე.წ. შეჩერების გადააწყვეტილება, ანუ დროებითი ღონისძიება იქნა მიღებული. ეს გადაწყვეტილება დღესაც ძალაშია. ვერავითარი ტრანზაქცია, იქნება ეს საჯარო რეესტრი, იუსტიციის სამინისტროს რომელიმე სხვა სსიპ-ი ან რომელიმე სხვა საჯარო დაწესებულება აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში, ვერანაირ ნაბიჯს ვერ გადადგამს, სანამ შეჩერების ეს გადაწყვეტილება ძალაშია, სანამ სტრასბურგის სასამართლო არ გამოიტანს თავის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფოს მხრიდან არანაირი სიახლე არ არის.

„შესაბამისად ჩვენი, სახელმწიფოს მხრიდან არანაირი სიახლე ამ საქმეზე და „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით არ არის. ვფიქრობ, არც ის სამართლებრივი არგუმენტები არის ამ შემთხვევაში ჩვენთვის საინტერესო, რომელიც მე არ ვიცი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ არხი საგანგებო მდგომარეობაზე გადადის.

მისი თქმით, სამაუწყებლო კომპანიის 9%-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. საუბარია ჯამში, დაახლოებით, 26 მილიონ ლარზე. ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლეა და მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო კომპანიის წილი.

ნიკა გვარამია იმ ახალ სარჩელზე საუბრობს, რომელიც “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ მომზადდა. გვარამიას თქმით, ეს არის “სარჩელი სარჩელისთვის” და ეს არის მორიგი შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღნდეგ.

“რუსთავი 2”-ის ახალ სარჩელთან დაკავშირებით, არასმთავრობო სექტორიც აკეტებს შეფასებებს.

იტვირთბა....