ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

არასამთავრობო სექტორი “რუსთავი 2”-თან დაკავშირებულ მოვლენებს აფასებს

სამოქალაქო სექტორი რუსთავი2-ის ახალ სარჩელთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მედიაექსპერტები აფრთხილებენ ხელისუფლებას, რომ მსგავსი ქმედებები საბოლოოდ მათ წინააღმდეგ იმუშავებს.

„მიზანი არის ალბათ ის, რომ მედიაგარემოში არ იყოს ის აქტორები, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილები ამ ხელისუფლების მიმართ. ცხადია ეს ყველაფერი კეთდება წინასაარჩევნო პერიოდისთვის, რომ ნაკლებად კრიტიკული ინფორმაცია მიიღოს მოსახლეობამ, ისევე როგორც მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩვენ სასამართლოს ამ სენსიტიურ საქმეებთან დაკავშირებით არ ვენდობით” – აცხადებს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) დირექტორი, პაატა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ქვეყანა ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, თუმცა ისე აღიქმება, რომ მმართველი გუნდისთვის მთავარ პრობლემას „რუსთავი2“ წარმოადგენს.

მასკომუნიკაციის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო დანელია ამბობს, რომ ახალი თავდასხმა „რუსთავი2“-ზე პოლიტიკური პროცესია, მოსამართლე კი აუცილებელად პოლიტიკურ დაკვეთას შეასრულებს.

„კრიტიკული მედიის გაჩუმებით ის მიაღწევს მიზანს, ცალსახად ეს არის პოლიტიკური პროცესი, არავითარ ობიექტურობაზე ან სამართლიან მსჯელობაზე არ შეგვიძლია ჩვენ იმედის დამყარება, რადგან ცალსახად ეს მოსამართლე შეასრულებს ხელისუფლების დაკვეთას,“-აცხადებს დანელია.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ნინია კაკაბაძე ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა რომელი მოსამართლე განიხილავს სარჩელს, პროცესი პოლიტიკურია და სასამართლოს გადაწყვეტილებაც პოლიტიკური იქნება. მისი თქმით, პროცესი, რომელიც ახლა “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ მიმდინარეობს, ხელისუფლებას პრობლემებს შეუქმნის.

„ეს პროცესი “ქართული ოცნებისთვის” არის ცალსახად წამგებიანი და მათთვის ნეგატიური შედეგის მომტანი. როდესაც გაიმართება სასამართლო, სადაც დაინტერესებული მხარე არის მმართველი პარტია არ აქვს მნიშვნელობა რა გვარის არის მოსამართლე” – ამბობს კაკაბაძე.

შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ არხი საგანგებო მდგომარეობაზე გადადის.

მისი თქმით, სამაუწყებლო კომპანიის 9%-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. საუბარია ჯამში, დაახლოებით, 26 მილიონ ლარზე. ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლეა და მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო კომპანიის წილი.

ნიკა გვარამია იმ ახალ სარჩელზე საუბრობს, რომელიც “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ მომზადდა. გვარამიას თქმით, ეს არის “სარჩელი სარჩელისთვის” და ეს არის მორიგი შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღნდეგ.

იტვირთბა....