ქართველი მწერლები და გამომცემლები ღია წერილს ავრცელებენ. ისინი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და მწერალთა სახლის “ლიტერატურის ეროვნულ ფონდში” გაერთიანების იდეას ეხმიანებიან. წერილის ავტორები ამ ორი ორგანიზაციის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას მოითხოვენ.
“2019 წლის 3 მაისს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ აპირებდა მისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაციების გამსხვილებას. ამ ორგანიზაციებს შორის, რომლებსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი აქვთ, მოექცა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და საქართველოს მწერალთა სახლი, რომლებიც უნდა გაერთიანდნენ “ლიტერატურის ეროვნულ ფონდში”.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და საქართველოს მწერალთა სახლი შედარებით ახალი, მაგრამ საქართველოში ზოგადად და კერძოდ კულტურის სფეროში ალბათ ყველაზე წარმატებული ორგანიზაციებია. თუკი სადმე სახელმწიფო ფული არა თუ ყაირათიანად და მიზნობრივად, არამედ სახელმწიფოსათვის უზარმაზარი მოგებით განიკარგება, წიგნის ცენტრი და მწერალთა სახლი პირველ ადგილზე იქნებიან.
წიგნის ცენტრის უაღრესად კომპეტენტური და შრომისმოყვარე თანამშრომლების მხრებზე გადაიარა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამ- ცენტრის გარეშე სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა ქართული ლიტერატურის და კულტურის ყველაზე დიდი საერთაშორისო წარმატება თავისი ისტორიის მანძილზე. მწერალთა სახლი გადაიქცა ქართული კულტურის ერთ-ერთ თვალსაჩინო კერად, რომელიც ათასობით ლიტერატურის მოყვარულს იზიდავს. ეს წარმატება მიღწეულია, ხშირ შემთხვევაში, არა სამინისტროს და მისი ჩინოსნების მხარდაჭერით, არამედ მათთან გამჭვირვალეობისათვის და სამოქალაქო კონტროლისათვის დიდი ბრძოლის შედეგად.
ამ უდიდესი, საქართველოს სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის სრულიად უჩვეულო წარმატების ფონზე დიდ გაკვირვებას, გულისტკივილს და წყრომას იწვევს სამინისტროს ინიციატივა ამ ორი დამოუკიდებელი და წარმატებული ორგანიზაციის მექანიკური გაერთიანების შესახებ.
მოტივაცია, რომელსაც სამინიტრო გვთავაზობს “სსიპ ორგანიზაციების მოდერნიზაციის, მართვის გაუმჯობესების მიზნით, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებისა და ეროვნული პრიორიტეტების თანახმად” არადამაჯერებლად და ყალბად გამოიყურება.
ის, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია კულუარულად სამინისტროს ჩინოსნების მიერ ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან, მწერლებთან, მთარგნელებთან, ავტორებთან, გამომცემლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გარეშე სამინისტროს მოტივაციას კიდევ უფრო არადამაჯერებელს და საეჭვოს ხდის.
მოდერნიზაციის და მართვის გაუმჯობესება გულისხმობს, რომ ეს ორგანიზაციები არათანემდროვედ და ცუდად იმართება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
არც საერთაშორისო სტანდარტები, არც ეროვნული პრიორიტეტები არ გვკარნახობს წარმატებული ორგანიზაციების მექანიკური გამსხვილების აუცილებლობას. თუ დავუჯერებთ მინისტრის მოადგილეს, მიხეილ გიორგაძეს, რეორგანიზაციას ვერც ფულის დაზოგვით გავამართლებთ.
ორივე ორგანიზაციას აქვს თავისი სპეციფიკა და მუშაობის მიმართულება, ორგანიზაციული ოპტიმიზაცია მათ მექანიკურ გაერთიანებას ვერაფრით დაედება საფუძვლად. ეგრეთ წოდებული გამსხვილება, რომელიც სინამდვილეში მექანიკური შეერთებაა, არ ნიშნავს არც გაუმჯობესებას და არც გაძლიერებას.
ერთადერთი შესაძლო ახსნა, წარმატებული ორგანიზაციებისთვის დამოუკიდებლობის ჩამორთმევა და ახლადშექმნილი ჰიბრიდის ხელმძღვანელად რომელიმე უფუნქციოდ დარჩენილი ჩინოსნების დანიშვნა და ორ დამოუკიდებელ და წარმატებულ ორგანიზაციაზე კონტროლის გაძლიერებაა ადმინისტრაციულ-მბრძანებლობითი სისტემის მეთოდებით.
მწერლები, მთარგმნელები, ავტორები, გამომცემლები, მოვითხოვთ, ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრს და საქართველოს მწერალთა სახლს შეუნარჩუნდეს დამოუკიდებლობა და მიეცეს წარმატებული მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა. წიგნის ცენტრს და მწერალთა სახლს სოლიდარობას უცხადებენ ჩვენი უცხოელი კოლეგები, მეგობრები და პარტნიორებიც, რომლებსაც ორივე ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შესანიშნავი გამოცდილება აქვთ” – აღნიშნულია წერილში.