ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

„ნეიტრალიტეტი ცრუ მოლოდინია, საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად ყოველთვის დასჭირდება ძალის სესხება“

მზია საგანელიძის ფოტო

„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ თსუ პოლიტიკის მეცნიერებათა მიმართულების პროფესორთან, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორ, კორნელი კაკაჩიასთან

ქართულ პოლიტიკაში დღის წესრიგში ისევ დადგა ნეიტრალიტეტის თემა, რაშიც კატალიზატორის როლი საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ითამაშა, როდესაც მან ამერიკის ხმასთანინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში ამერიკული ბაზის არსებობა შესაძლოა, რეკომენდირებული არ იყოს. ასე რომ, თემა ისევ გახსნილია. საზოგადოების ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ნეიტრალიტეტი საქართველოსთვის დამღუპველია. თუმცა, არსებობენ ამ იდეის ინიციატორები და მათი მხარდამჭერებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი და არჩევანი ნეიტრალიტეტია. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „მეტრონომი“ დაუკავშირდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მკვლევარს, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორს კორნელი კაკაჩიას.

„მეტრონომი“: რა შეიძლება მოუტანოს საქართველოს ნეიტრალიტეტის თემის წინა პლანზე წამოწევამ და რატომ არის მიუღებელი ჩვენი ქვეყნისთვის მუდმივი ან ევენტუალური ნეიტრალიტეტი მაშინ, როცა მსგავსი გამოცდილების ქვეყნები დღეს ევროპის წამყვან ქვეყანათა შორის არიან?

კორნელი კაკაჩია: პირველ რიგში საქართველოს შემთხვევა განსხვავდება იმით, რომ ქვეყნის 20% ოკუპირებულია მეზობელი სახელმწიფოს მიერ, რომელიც არათუ არ ამჟღავნებს სურვილს, რომ გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, არამედ უარს ამბობს ამ რეგიონების სტატუსის განხილვაზეც კი. კრემლის გადმოსახედიდან საქართველოს ტერიტორიაზე 3 სახელმწიფო არსებობს, რაც აბსოლუტურად მიუღებელია როგორც ქართველი ხალხის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.

ამ ნარატივის ჩამოყალიბება და საკითხის ასე დაყენება ხელს აძლევს რუსეთს. კრემლის პროპაგანდის უმთავრესი მიზანი საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გახლეჩვა და ბოლო ათწლეულში ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებით მეტ-ნაკლებად მიღწეული პოლიტიკური კონსენსუსის გადახედვაა.  თუ გავითვალისწინებთ თუ როგორ ექცევა კრემლი არათუ ნეიტრალურ სახელმწიფოებს არამედ საკუთად მოკავშირეებსაც კი(ბელორუსი, სომხეთის მაგალითი) რომლებსაც ვასალებად განიხილავს და არა სუვრენულ სახელმწიფოებად, ძნელად წარმოსადეგენი არაა თუ რას მოუტანს საქართველოს ამ საკითხზე დაფიქრებაც კი. ამას იმატება პირველი რესპუბლიკის პერიოდში ჩვენი მწარე ისტორიული გამოცდილება. ასე რომ, აქედან გამომდინარე გასაგებია, რატომაა მიუღებელი საქარველოსთვის ნეიტრალიტეტის იდეა.

„მეტრონომი“: რუსეთის როლზე საუბარი არ წყდება და საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ფაქტორი, თუმცა ამის გარდა, ნეიტრალიტეტზე საუბრის დროს, თამაშობს თუ არა ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური და გეოგრაფიული ფაქტორი თავის როლს და რა ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ფაქტორს სხვა მეზობელი ქვეყნებისათვის?

კორნელი კაკაჩია: რა თქმა უნდა, გეოგრაფიული ფაქტორი ყოვეთვის თამაშობს როლს. ჩვენ რომ ვიყოთ ცენტრალური აზიის რეგიონში, რომელიც ჩაკეტილი რეგიონია და სტრატეგიულად მოწყვეტილია დასავლეთს, მაშინ შესაძლოა სხვა საგარეო პოლიტიკური ვექტორი აგვერჩია, მაგრამ საქართველოსთვის გეოგრაფიული მდებარეობა ყოველთვის იყო მისი ბედისწერა. ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩავკეტოთ რეგიონი და ხელი შევუშალოთ რეგიონის დემოკრატიულ ტრანსფორმაციას, რისიც ასე ეშინია ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს. ამ კუთხით შავიზღვისპირა რეგიონში ორ სახელმწიფოს აქვს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური დატვირთვა როგორც რუსეთისთვის, ასევე დასავლეთისთვის. პირველი, რა თქმა უნდა უკრაინა – მისი ზომიდან და ევროპული უსაფრთხოების სისტემაში მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე და მეორე – საქართველოს. თუ მოსკოვი მოახერხებს ამ ორი ქვეყნის დამონებას მაშინ მას გზა ხსნილი აქვს რეგიონალური ჰეგემონიისკენ. ეს კარგად ესმით დასავლეთშიც და სწორედ ამიტომ უჭერენ მხარს ამ ქვეყნების დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას.

„მეტრონომი“: როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების პოლიტიკური განვითარება (პოზიტიური, ნეგატიური) იმ შემთხვევაში, თუ საქართველომ აირჩია ეს გზა?

კორნელი კაკაჩია: მიუხედავად იმისა, რომ კრემლი და მისი გავლენის აგენტები საქართველოში ბოლო პერიოდში ცდილობენ ნეიტრალიტეტი წარმოაჩინონ როგორც რაღაც ალტერნატივა, სინამდვილეში, ნეიტრალიტეტი ცრუ მოლოდინია. საქართველო, როგორც მცირე სახელმწიფო, ვერასდროს ვერ დააბალანსებს რუსეთს და მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საკუთარი დამოუკიდებლობის დასაცავად ყოველთვის დასჭირდება ძალის სესხება და ალიანსებში შესვლა. ამას ემატება ისიც, რომ რუსეთი არ ცნობს მისი მეზობლების უფლებას სუვერენიტეტზე და თითოეულ მათგანს მოიაზრებს საკუთარი გავლენის სფეროში, რაც გულისხმობს ამ სახელმწიფოების გაწევრებას რუსეთის მიერ დომინირებულ ისეთ სტრუქტურებში როგორიცაა „ევრაზიული კავშირი“, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია და ა. შ.

რუსეთის რევიზიონისტი ლიდერებისთვის საქართველოს ნეიტრალიტეტი განიხილება როგორც პირველი (გარდამავალი) ნაბიჯი, რათა ქვეყანამ გადაუხვიოს ევროპული განვითარების გზას და გახდეს ჩვეულებრივი პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკა ავტორიტარული, კლეპტოკტრატიული სტილის მმართველობით, სუსტი დემოკრატიული ინსტიტუტებით, კონტროლირებადი მასმედიით და ენდემური კორუფციით. ხოლო გარდამავალი ეტაპის შემდგომ ის სრულად უნდა იყოს ინტეგრირებული დასავლეთთან დაპირისპირებულ „ევრაზიულ კავშირში“. მეორე ალტერნატივა  არის საქართველოს ე.წ „ფინლანდიზაცია“, რაც გულისხმობს ტერიტორიების დათმობას და არსებობას შეზღუდული სუვერენიტეტის პირობებში მასთან დაკავშირებული ყველა ნეგატიური შედეგებით.

„მეტრონომი“: ბოლო დროს, ხშირად მოჰყავთ შვეიცარიისა და ავსტრიის მაგალითი. რამდენად ადექვატურია საქართველოს მათთან შედარების მაგალითი და რა იქნებოდა ძირითადი განმასხვავებელი ჩვენსა და მათ შორის, ნეიტრალიტეტის თემის განხილვის დროს?

კორნელი კაკაჩია: პირველ რიგში, შვეიცარიას ნეიტრალიტეტის განმტკიცებას საუკუნეები დასჭირდა. მიუხედავად ამისა დღეს შვეიცარია, რომელმაც აირჩია “შეიარაღებული ნეიტრალიტეტი“ ყოველწლიურად ხარჯავს 4 მილიარდ 713 მლნ დოლარს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თუ გადავხედავთ ამ ორი ქვეყნის შემთხვევას, ორივეს დასჭირდა საერთაშორისო სამართლებრივი აქტით საკუთარი სტატუსის უზრუნველყოფა, რასაც წინ უძღოდა დიდი სახელმწიფოების (აშშ, დიდი ბრიტანეთი, სსრკ, საფრანგეთი) მხრიდან შეთანხმება, რაც ჩვენს შემთხვევაში ვერ ხერხდება რუსეთის გეოპოლიტიკური ამბიციებიდან გამომდინარე. ასევე არ დაგვავიწყდეს, პირველი და მეორე მსოფლიო ომის წინ ბელგიის ნეიტრალიტეტის ბედი, რომელზეც ჯერ კიდევ 1831 წელს შეთანმდნენ დიდი სახელმწიფოები, მაგრამ შემდეგ ის ფარატინა ქაღალდად აქციეს.

შორს რომ არ წავიდეთ, გავიხსენოთ ბუდაპეშტის მომორანდუმის შემთხვევა, რომლის ხელმოწერისას  რუსეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ თავის თავზე აიღეს უკრაინის სუვერენიტეტის უზრუნველყოფა და შედეგად მივიღეთ ის, რომ უკრაინა გახდა ერთ-ერთი ხელმომწერი მხარის მხრიდან აგრესიის მსხვერპლი. თუმცა, ვინაიდან იგი არ იყო ნატოს წევრი სახელმწიფო, ბუნებრივია სხვა ხელმომწერებმა ვერ შეძლეს მისი უსაფრთხოების დაცვა. სწორედ ამიტომ თქვა საბოლოოდ უარი უკრაინამ  ნეიტრალიტეტზე. ასევე არ უნდა გამოგვრჩეს მოლდოვის მაგალითი, რომელმაც ოფიციალურად აღიარა ნეიტრალიტეტი, მაგრამ მას ამ ნაბიჯმა ტერიტორიული მთლიანობის კუთხით დივიდენდები ვერ მოუტანა.

გენო ჯოხიძე

იტვირთბა....