გადავარჩევთ ხალხს, ვინც ბრძოლაში იყო სწორ მხარეს, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად, კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
დოლიძის თქმით, კანონი არ გამორიცხავს ე.წ. კლანის ინტერესებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში.
„ყველაფერი, რაც ამ ეტაპზე მოხდება საბჭოში, არის ფორმალური მხარე. კანონი არ ვარგა და ანიჭებს ისევ ამ კლანს სრულ უფლებამოსილებას, შეარჩიონ ის, ვინც უნდათ. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დანარჩენი მოქალაქეები ჩავიქნევთ ხელს. ვფიქრობ, ეს არ მოხდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა იურისტი, ვისაც ადარდებს სასამართლოს ბედი, უნდა იყვნენ ამ პროცესში ჩართული, უნდა იყვნენ საბჭოში, შემოიტანონ კანდიდატურები. საჭიროა, იყოს უზარმაზარი წნეხი, რომ იუსტიციის საბჭოს ძალიან გაუჭირდეს „კოლექტიური მურუსიძების“ გაყვან“. – განაცხადა ანა დოლიძემ და „ქართული ოცნებიდან“ იმ პირებს, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, მოუწოდა, უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა დამტკიცებისას, ნუ გაითვალისწინებენ ჩინჩალაძე-მურუსიძის ინტერესებს.
“მოლოდინი მაქვს შემდეგი – „კოლექტიური მურუსიძის“ გაყვანა უზენაეს სასამართლოში „ქართულ ოცნებას“ ძალიან ძვირი დაუჯდება, ეს მათ რეპუტაციაზე იმოქმედებს. ეს იქნება ისტორიული და ძალიან ძვირი ნაბიჯი. ყველა ნორმალურ ადამიანს „ქართულ ოცნებაში” მივმართავ, რომ ნუ ჩაყვება ჩინჩალაძე-მურუსიძეს. ახლა ხომ ვამბობთ, სისხლიანი 9 წელი და სათითაოდ გვყავს ჩამოთვლილი ის ხალხი, ვინც არ იყო ბარიკადებზე თავის დროზე. აი, ასე გადავარჩევთ ხალხს, ვინც იყო სწორ მხარეს ამ ბრძოლაში. სწორი მხარე არის დამოუკიდებელი, სამართლიანი სასამართლო“.– განაცხადა ანა დოლიძემ.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს მეოთხე საკითხად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად განაცხადების ფორმაზე მსჯელობა არის დაგეგმილი.