ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომის დასრულების შემდეგ საბჭოს მდივანმა, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადამ, რომ დემარკაციის ფარგლებში სტრატეგიულ პარტნიორთან და მოძმე სახელმწიფოსთან ისეთ შეთანხმება მიიღწევა, რომ გათვალისწინებული იქნება, როგორც კულტურული მემკვიდრეობა, ისე ეკლესიის ინტერესი.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, იყო თუ არა საუბარი დღევანდელ შეხვედრაზე დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება დავით გარეჯს, რა თქმა უნდა, ყველას მოგვეხსენება, რომ ეს არის ძალზედ ფაქიზი თემა. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი მემკვიდრეობა, პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა და საზღვრის დემარკაცია მაქსიმალურად შესაძლებელ მოკლე ვადებში უნდა დავასრულოთ.
ერთმნიშვნელოვნად მოვუწოდებ ყველას, ვინც ცდილობს ამ თემით სპეკულირებას და ეთნიკური შუღლის გაღვივებას – არ მოვერიდები ამ სიტყვებს, ძალიან ფრთხილად ვიყოთ ამ თემასთან. რამეთუ, დემარკაციის ფარგლებში, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და ჩვენს მოძმე სახელმწიფოსთან შეთანხმებას მივაღწევთ ისეთს, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებული იქნება, როგორც კულტურული მემკვიდრეობა, ისევე ჩვენი ეკლესიის ინტერესი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ
დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის (ონიანი) ცნობით, უკვე სამი დღეა, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებენ.
როგორც არქიმანდრიტმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მდგომარეობა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ დაიძაბა.
„სალომე ზურაბიშვილი „ევროპა ნოსტრას“ ფარგლებში, აზერბაიჯანის სახელმწიფოს სამ წარმომადგენელთან ერთად იმყოფებოდა გარეჯის მონასტრებში, დაათვალიერა აქაურობა, ყველაფერი ნორმის ფარგლებში მიდიოდა. ამიტომაც ვერ ვგებულობ ყარაეთელი მესაზღვრეების უფროსის განმარტებას, თითქოს უფროსობამ დასჯა დაუპირა იმის გამო, რომ თურმე არ იცოდა მონასტერში საქართველოს პრეზიდენტი თუ იმყოფებოდა. ამანაც, კარიერა მენგრევაო, ადგა და საზღვარი ჩაკეტა.
შეიძლება ასე ყველამ თავზე გადავლა დაგვიპიროს და ჩვენ რეაქცია არ გვქონდეს? მაშინ რაღა სახელმწიფოა საქართველო? მე ვერ გამოვდივარ მონასტრიდან, რომ უშუალოდ მივაკითხო თანამდებობის პირებს და ვკითხო გულგრილად რატომ უყურებენ იმას, რაც ახლა გარეჯის უდაბნოში ხდება, ამიტომაც როგორც ყოველთვის, მედიის და საზოგადოების აქტიურობის იმედი მაქვს“, – განმარტა არქიმანდრიტმა კირიონმა.