ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აზერბაიჯანი ყოველთვის მომხრე იყო, საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაცია დაჩქარებულიყო” – აზერბაიჯანული მხარე

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ლეილა აბდულაევამ, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან შექმნილი სიტუაციის შეფასებისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის იყო აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის მომხრე

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, აზერბაიჯანი მზად არის აღნიშნული საკითხი უახლოეს დროში დასრულდეს.

„აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის გასწვრივ სამონასტრო კომპლექსის უამრავი ისტორიული, არქიტექტურული და რელიგიური ობიექტია განლაგებული. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხი ორმხრივი ფორმატების ფარგლებში წყდება, საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული პროცედურების საფუძველზე. აზერბაიჯანი ყოველთვის იყო იმის მომხრე, რომ აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია დაჩქარებულად განხორციელებულიყო. აზერბაიჯანი მზად არის უახლოეს დროში დაასრულოს ეს პროცესი“, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის (ონიანი) ცნობით, უკვე სამი დღეა, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებენ.

როგორც არქიმანდრიტმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მდგომარეობა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ დაიძაბა.

„სალომე ზურაბიშვილი „ევროპა ნოსტრას“ ფარგლებში, აზერბაიჯანის სახელმწიფოს სამ წარმომადგენელთან ერთად იმყოფებოდა გარეჯის მონასტრებში, დაათვალიერა აქაურობა, ყველაფერი ნორმის ფარგლებში მიდიოდა. ამიტომაც ვერ ვგებულობ ყარაეთელი მესაზღვრეების უფროსის განმარტებას, თითქოს უფროსობამ დასჯა დაუპირა იმის გამო, რომ თურმე არ იცოდა მონასტერში საქართველოს პრეზიდენტი თუ იმყოფებოდა. ამანაც, კარიერა მენგრევაო, ადგა და საზღვარი ჩაკეტა.

შეიძლება ასე ყველამ თავზე გადავლა დაგვიპიროს და ჩვენ რეაქცია არ გვქონდეს? მაშინ რაღა სახელმწიფოა საქართველო? მე ვერ გამოვდივარ მონასტრიდან, რომ უშუალოდ მივაკითხო თანამდებობის პირებს და ვკითხო გულგრილად რატომ უყურებენ იმას, რაც ახლა გარეჯის უდაბნოში ხდება, ამიტომაც როგორც ყოველთვის, მედიის და საზოგადოების აქტიურობის იმედი მაქვს“, – განმარტა არქიმანდრიტმა კირიონმა.

ამ თემაზე “მეტრონომს” ექსპერტი მამუკა არაშეძე ესაუბრა

იტვირთბა....