ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პანკისში პოლიციამ იმოქმედა ღირსეულად, ადგილობრივების ქმედებები კი კანონის ფარგლებიდან იყო გასული” – მეზვრიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა პანკისის ხეობაში განვითარებულ პროცესებზე საუბრისას, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვების სროლას გამართლება არ აქვს .

მეზვრიშვილის თქმით, პოლიციამ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით იმოქმედა.

„ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რომ პანკისის ხეობაში განვითარებული პროცესები საკმაოდ სენსიტიური საკითხია. პოლიციამ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით იმოქმედა. შეიძლება, ექსპერტებს, სპეციალისტებს და პროკურატურას, ვინც შესაძლოა, უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები უნდა შეაფასოს და სხვანაირი მოსაზრება აქვს, თუმცა ჩვენი პოზიციაა, რომ პოლიცია მოქმედებდა ღირსეულად, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რის გამოც ეს ადამიანები პატივისცემას იმსახურებენ. რაც შეეხება ფორმალურ პროცედურებს, სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს, ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან, გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. პროცესს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად თანმიმდევრულად მივყვებით. შეთქმულების თეორიებზე საუბარი სწორი არ იქნება, მით უმეტეს, ტელევიზიით მტკიცებულებების გარეშე. საუბრები იმის შესახებ, რომ პოლიციამ რაღაცას გადაამეტა და თურმე, პოლიციას იარაღი არ უნდა ჰქონოდა, რეზინის ტყვიები არ უნდა გამოეყენებინა, ყველა ქმედება, რაც პოლიციამ განახორციელა, კანონის ჩარჩოებსა და ფარგლებში იყო მოქცეული“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილის თქმით, მოქალაქეთა ქმედებები კანონის ფარგლებიდან იყო გასული და ალბათ, ამაზე კითხვები არც უნდა არსებობდეს.

„როგორც სხვა შემთხვევებში, ასე ვიმოქმედებთ თანმიმდევრულად და სამართლებრივ პროცედურებს მივყვებით. პანკისის ხეობაში პოლიცია ადამიანების უსაფრთხოების დასაცავად იმყოფებოდა. თავდაპირველად, ადგილზე 35 პოლიციელი იყო და დამატებითი ძალების გადაყვანა მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციას ფიზიკურად დაუპირისპირდა იქ მყოფი ადამიანების გარკვეული ნაწილი, რაც სამწუხარო ფაქტია. ამის დამადასტურებელი ვიდეო-მასალა არსებობს, ეს ყველამ ძალიან კარგად იცით. ქვების სროლას გამართლება არ აქვს და კითხვა პასუხისმგებლობას თუ გრძნობთ, რას ნიშნავს? – პოლიციამ რა დააშავა? – რაც მოხდა, სამწუხარო ფაქტი იყო. გადაწყვეტილება შექმნილი სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი იყო, პოლიცია ღირსეულად მოიქცა, სამართლებრივი ნორმების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, პოლიციის ყოფნას სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა, რადგან ეკონომიკის სამინისტრომ მოგვმართა და ამ საკითხზე საუბარი ამ ეტაპზე დასრულებულია“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობის მოსახლეობასა და სამართლადამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, ჰესის მშენებლობას მოყვა. ხეობაში მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმიც.

დაშავებულები ამ დრომდე მკურნალობას თელავის საავადმყოფოში გადიან.

 

იტვირთბა....