ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქონების გადასახადთან დაკავშირებული ინიციატივა მომწონს” – კაკულია

რომან კაკულია იწონებს ინიციტივას, რომ ქონების გადასახადთან დაკავშირებული თანხების ნაწილი იმ ადგილებში დარჩეს, სადაც ენერგოობიექტების მშენებლობა მიმდინარეობს.

როგორც კაკულიამ განაცხადა, ამ მიმართულებით სამომავლოდ საკანონმდებლო ცვლილებებზე ფიქრიც შეიძლება.

„ეს ინიციატივა მოვისმინე და მომწონს. შესაძლებელია და სამომავლოდ, ამ საკანონმდებლო ცვლილებაზე ვიფიქრებდი. ჩემი აზრით, ინიციატივა კარგია, რადგან ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს გამოკვეთილი მოსახლეობის ინტერესი, რაც მათ უშუალოდ ექნებათ, ენერგეტიკის განვითარების ზოგადსაკაცობრიო ინტერესთან ერთად“, – განაცხადა კაკულიამ.

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა შესაძლოა, გადამწყვეტი არ იყოს, მაგრამ განხილვას იმსახურებს.

„ამიტომ იდეა ცუდი არ არის. ეს ინიციატივა ერთ-ერთი გადამწყვეტი შესაძლოა, არ იყოს, მაგრამ ცუდი იდეა არ არის და განხილვას იმსახურებს. ცალსახად, ამ წუთს ვერ გეტყვით, რომ ამ იდეის 100 პროცენტით მომხრე ვარ, უბრალოდ იდეა მომწონს“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ენერგეტიკის სექტორში მოქმედმა ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება მოამზადეს. განცხადებას 20-მდე ორგანიზაციის წარმომადგენელი აწერს ხელს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფომ დაჩქარებული წესით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ქონების გადასახადთან დაკავშირებული თანხების უდიდესი ნაწილი, სხვადასხვა რეგიონში, იმ ადგილობრივ მოსახლეობას, თემებსა და სოფლებს დარჩეს, სადაც ენერგოობიექტების მშენებლობა მიმდინარეობს და ეს თანხა სწორედ მათ განვითარებას მოხმარდეს.

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობის მოსახლეობასა და სამართლადამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, ჰესის მშენებლობას მოყვა. ხეობაში მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმიც.

დაშავებულები ამ დრომდე მკურნალობას თელავის საავადმყოფოში გადიან.

იტვირთბა....