„მე შეგნებულად არ მინდა შემოვიდე პოლიტიკურ და სამართლებრივ დისკუსიაში, რადგან აქ ბევრი რამის თქმა შეიძლება სამართლებრივი და პოლიტიკური კუთხითაც”,- ასემი მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან სამი არამოსამართლე წევრის გაწვევას მოითხოვენ.
კობახიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ანა დოლიძე მუდმივად არღვევს სასამართლო ხელისუფლების სტანდარტს, პრეზიდენტს არ აქვს მისი გამოწვევის საფუძველი.
“თქვენ თქვით ერთ-ერთი არგუმენტი, რასაც აბსოლუტურად ვიზიარებ, რომ პოლიტიკურ დებატებში არ შეიძლება შედიოდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. რაც შეეხება გამოწვევას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გამოწვევა შეიძლება მხოლოდ საქმიანობის არაჯეროვანი შესრულებისთვის. არაჯეროვანი შესრულება რა არის, ეს არის განმარტებული სხვადახვა სფეროში, მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალში. რასაც თქვენ ამბობთ, ეს არ არის არაჯეროვანი შესრულება. თუ გავყვებით ჩვენ ასე, მაგალითად ანა დოლიძე ხვალვე შეუძლია გამოიწვიოს საქართველოს პრეზიდენტმა. მოვალეც არის, რომ გამოიწვიოს, ვინაიდან ის მუდმივად არღვევს იმ სტანდარტებს, რაც არის წარდგენილი სასამართლო ხელისუფლებისათვის. ის პირდაპირი ფორმით არის ჩართული პოლიტიკურ დებატებში და არა მარტო ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სასამართლო ხელისუფლებას. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ინიციატივა არის რისკის შემცველი იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში იძლევა თვითნებობის შესაძლებლობას და იმის შესაძლებლობას, რომ ნებისმიერ დროს პოლიტიკურმა პირებმა მოახდინონ ზემოქმედება იუსტიციის საბჭოს წევრებზე და ნებისმიერი წევრი იუსტიციის საბჭოსი მუდმივად იქნება რისკის ქვეშ. იმიტომ წერია კანონში, რომ მხოლოდ არაჯეროვანი საქმიანობა არის გამოწვევის შესაძლებლობა, რომ თვითნებურად არ მოიქცეს პარლამენტი ან პრეზიდენტი. დღეს საფუძველი არ არის გამოწვევისთვის, იმიტომ, რომ არაჯეროვან საქმიანობას არ ჰქონია ადგილი. მე მგონია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ანა დოლიძე მუდმივად არღვევს სასამართლო ხელისუფლების სტანდარტს, პრეზიდენტს არ აქვს მისი გამოწვევის საფუძველი. ის უხეშად არღვევს კანონით გაწერილ უფლებებს, თუმცა ეს მაინც არ არის საქმის არაჯეროვანი შესრულება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
“ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობიდან საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის: ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძის გამოწვევას ითვალისწინებს, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.
როგორც დოკიმენტშია აღნიშნული, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არაჯეროვნად ასრულებენ მოვალეობას.