თბილისის მერიის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) თანამშრომლობით, თემაზე – „გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და მართვის გამოწვევები საქართველოში“ კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ მიიღო, რომელმაც სიტყვით გამოსვლაში ყურადღება გარემოს დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში სხვადასხვა მხარისა და სპეციალისტების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„ვფიქრობ, გარემოს დაცვის პოლიტიკასა და მართვის მექანიზმებზე საუბარში რაც უფრო მეტი უწყება ჩაერთვება, განსაკუთრებით ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევიან, ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ეს სწორედ ის საკითხებია, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში გვაწუხებს და რომელიც ღია მმართველობასთან, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და განათლებასთან პირდაპირ კავშირშია. ვფიქრობ, გარემოს დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ერთობლივი ღონისძიება ნამდვილად ნაყოფიერი იქნება. ვიმედოვნებთ, რომ ამგვარი ჩართულობა და მსგავსი ღონისძიებები გარემოსდაცვითი მმართველობის სფეროს მომავალში ბევრ წარმატებას მოუტანს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
კონფერენციაში მონაწილე პირებს საშუალება ჰქონდათ, აქტუალურ გარემოსდაცვით საკითხებზე სახელმწიფო სექტორის, ადგილობრივი და საერთაშორისო გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სპეციალისტების მოსაზრებები მოესმინათ.
ღონისძიების პარალელურად, გამოფენა გაიმართა, სადაც გარემოსდაცვით თემატიკასთან დაკავშირებით, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების პოსტერული პრეზენტაციები იყო წარმოდგენილი. ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური იყო.
კონფერენციას თბილისის მერიის წარმომადგენლების გარდა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პარლამენტის, ადგილობრივი და საერთაშორისო გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.