თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს აზერბაიჯანის მოქალაქის ზარინა ალიხანოვას სარჩელს, რომლითაც იგი თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლისგან შვილის, რ.ა. სწავლის საფასურის უკან დაბრუნებას და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
ზარინა ალიხანოვას და მისი შვილის რ.ა. ინტერესების დამცველი ადვოკატის ამირან გიგუაშვილის განცხადებით, ისინი მოითხოვენ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას, რადგან სწავლის საფასურის მორიგი გაძვირებისას, ზარინა ალიხანოვა იძულებული გახდა შვილი კერძო, ძვირადღირებული სკოლიდან გამოეყვანა და საჯარო სკოლაში გადაეყვანა, რა დროსაც აღმოაჩინა, რომ თბილისის ბრიტანულ საერთაშორისო სკოლას არ გააჩნდა შესაბამისი ლიცენზია, აღიარება განათლების სამინისტროსგან, რის გამოც მისი შვილს მოუწია ხუთი კლასის გამოცდების ჩაბარება ხელახლა და ერთი კლასით უკან დაბრუნება.
მიღებული მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმის გამო, არასრულწლოვანი რ.ა. დღემდე მკურნალობს და ესაჭიროება რეაბილიტაცია.
“ ეს არის სრულიად აღმაშფოთებელი, როდესაც ასეთი ძვირადღურებულ სკოლას არ გააჩნია უცხოენოვანი პროგრამის შესაბამისი აღიარება და რაც მთავარია ამის შესახებ არ არიან ინფორმირებულები მშობლები. ისინი იხდიან ასტრონომიულ თანხებს, სწავლის საფასური მერყეობს 7 000 აშშ დოლარიდან 12 000 აშშ დოლარამდე წელიწადში და მას შემდეგ, რაც მათი შვილები დაასრულებენ სწავლას, ისინი ვერც ერთ უმაღლეს სასწავლებელში ვერ ჩააბარებენ საქართველოში, ვინაიდან ბრიტანულ საერთაშორისო სკოლას არ გააჩნია კანონით დადგენილი აღიარება. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ სკოლის ხელმძღვანელობას განმარტების თაობაზე, მით უფრო როდესაც საკითხი ეხება არასრულწლოვანს, მაგრამ ისინი ქედმაღლურად შეხვედრაზეც კი არ დაგვთანხმდნენ და განაცხადეს, რომ მათ ისედაც ბევრი მოსწავლე ჰყავთ და არ აინტერესებთ კონკრეტული პრობლემა. მათი სოციალური უპასუხისმგებლობიდან და ადამიანური თანაგრძნობის არ ქონიდან გამომდინარე, დამრჩა განცდა, რომ ისინი სკოლას უყურებენ, როგორც სუპერმარკეტის მსგავს ბიზნესს და ბავშვები მათთვის მხოლოდ შემოსავლის წყაროა, ისე რომ არ ესმით არც განათლების ზოგადი არსი და არც მათი როლი არასრულწლოვნებთან დამოკიდებულებაში, რაც ძალიან სამწუხაროა,”— აცხადებს ამირან გიგუაშვილი.
ამირან გიგუაშვილის განცხადებით, ზარინა ალიხანოვას მსგავსად კიდევ მრავალი მშობელი აპირებს ჩივილს და ისინი სამოქალაქო სასამართლოს გარდა, აპირებენ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დამფუძნებლების მხრიდან შესაძლო თაღლითობის ფაქტების გამოძიების მოთხოვნით.
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძირადღირებული სკოლაა, სადაც, სწავლის საფასური წელიწადში 7 000 აშშ დოლარიდან 12 000 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს.
წყარო: კომერსანტი
ამავე თემაზე: “მეტრონომმა” ქართულ–ბრიტანულ აკადემიას სასამართლო დავა მოუგო