ახალი ამბები საზოგადოება

“ჯერ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ” – კაპანაძე

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გენერალური დირექტორი ნათია კაპანაძე, მრჩეველთა საბჭოს წევრების პრეტენზიებს არ იზიარებს. ეს ყოველივე მან განაცხადა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე, სადაც განხილული იქნა კაპანაძის უნდობლობის გამოცხადების საკითხი.

ამასთანავე, კაპანაძის განცხადებით, ტელევიზიამ უდიდესი ნაბიჯები გადადგა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის განხორციელებისთვის.

„არის თუ არა აჭარის ტელევიზია სანდო თქვენთვის და მიუკერძოებელი – დიახ, არის და ამას პასუხი გასცა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებმა, რომელიც მრავლად გამოქვეყნდა, მედიაორგანიზაცია ფასდება, თუ როგორ გააშუქა საარჩევნო პროცესი და ამ მიმართულებითაც გვაქვს მაღალი შეფასება“, – განაცხადა ნათია კაპანაძემ.

კაპანაძისთვის გაუგებარია პრეტენზიები ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან მისი განცხადებით, ყველა ოპერაცია შესწავლილია აუდიტის მიერ და არსებობს დასკვნებიც. კაპანაძე აცხადებს, რომ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი.

„საკითხები, რომელიც ჩვენს ირგვლივ ვითარდება, შენიშვნები, პრეტენზიები, რომელიც არსებობს, იმაზე მეტყველებს, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის და ჩვენ მზად ვართ ამისთვის“, – განაცხადა ნათია კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიო განცხადებით, მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა თავმჯდომარეს, დირექტორის, ნათია კაპანაძის მიმართ უნდობლობის პროცედურის დასაწყებად მიმართა.

აჭარის მაუწყებლის განცხადებით, საქმე სიტყვის თავისუფლებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დამოუკიდებლობას ეხება.

 

იტვირთბა....