ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვენეციის კომისია 14 გვერდზე 14-ჯერ ადასტურებს, რომ იმეორებს ხელისუფლების კრიტიკოსთა შენიშვნებს” – უსუფაშილი

“შენების მოძრობის ლიდერი” და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება.

მისი განცხადებით ვენეციის კომისიის დასკვნა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მართლმსაჯულების სფეროში კლიმატი შემაშფოთებელია.

„ვენეციის კომისია დასკვნაში მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით 14 გვერდზე 14-ჯერ ადასტურებს, რომ იმეორებს ხელისუფლების კრიტიკოსთა წუხილებსა და შენიშვნებს და მისი დასკვნა გაჟღენთილია ამ სულისკვეთებით. ერთადერთი, რასაც ვენეციის კომისია იზიარებს, არის ის, რომ დიახ, საჭიროა პროცედურები მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების სფეროში კლიმატი შემაშფოთებელია, ნდობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსადმი არის უკიდურესად დაბალი, პროცესი არის უკიდურესად პოლიტიზებული. ვენეციის კომისია ამბობს, რომ არის დიდი ხიფათი, რომ მოქმედმა ერთპარტიულმა უმრავლესობამ მომავალი 30-40 წლის განმავლობაში განსაზღვროს ქვეყნის უმთავრესი სასამართლო ორგანოს შესაძლებლობა, ანუ უზენაეს სასამართლოში უვადოდ განაწესოს 28 მოსამართლე, რაც არის უჩვეულო, შემაშფოთებელი“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ვენეციის კომისია საქართველოს აძლევს რჩევას, რომ ამ მძიმე ვითარებაში იზრუნოს ორ მნიშვნელოვან თემაზე.

„ერთი – სასამართლოსადმი ნდობის გაზრდა უნდა იყოს ამოსავალი და მეორე – თავიდან ავიცილოთ ერთი პარტიის მიერ მომავალი 30-40 წლის განმავლობაში სასამართლოს წევრთა ვინაობის განსაზღვრა დღევანდელ ვითარებაში. აქვე ვიტყვი, სპეკულაციები იმ თემაზე, რომ აქ არის პოლიტიკური რჩევები და სამართლებრივი რჩევები არის სრულიად გაუგებარი. ვენეციის კომისია სწორედაც მართლმსაჯულების პოლიტიკის თაობაზე იძლევა რჩევებს და ხელისუფლება, როდესაც ამა თუ იმ კანონს იღებს, კანონის მეშვეობით იღებს კრიტიკას. მართლმსაჯულების სისტემაში ნებისმიერი კანონი არის კონკრეტულ დარგში გარკვეული პოლიტიკის გამტარებელი. ვენეციის კომისია არის სწორედ მართლმსაჯულების სფეროში ევროპის მასშტაბით ყველაზე უფრო გამოცდილი და კვალიფიციური ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ორგანო, რომელიც სწორედაც ქვეყნებს აძლევს რჩევებს“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა გამოქვეყნდა. კომისია რამდენიმე ძირითად რეკომენდაციას აქვეყნებს, მათ შორისაა, არამოსამართლე წევრებისთვის სასამართლო სისტემაში მოხვედრის შესაძლებლობა და კანდიდატების მიერ წარდგენილი ინფორმაციის საჯაროობა.

იტვირთბა....