ფრანგული მედიის ინფორმაციით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად უკვე ერთი მილიარდი ევრო შეგროვდა.
მედიის ინფორმაციით, შემოწირულობები ძირითადად მსხვილი კომპანიებიდან და ბიზნესმენებისგან შედის. ასევე, თანხა გროვდება ოთხ საზოგადოებრივ ფონდში, რომლებიც საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ შეარჩია.
კულტურის მინისტრის, ფრანკ რიესტერის თქმით, ამოქმედდა ვებგვერდიც, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მსურველს საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობის აღსადგენად თანხის გადარიცხვა შეეძლება.
შეგროვებული თანხიდან არნოების ოჯახმა 200 მილიონი ევრო გამოყო. კიდევ 200 მილიონი ევროს გადარიცხვის შესახებ კომპანია „ლორეალმა“ განაცხადა. 100 მილიონი ევრო გამოყო ფრანგმა მილიარდერმა ფრანსუა-ანრი პინომ, 100 მილიონი კი – ნავთობკომპანია „ტოტალმა“.
გარდა ამისა, თანხის გადარიცხვის სურვილი გამოთქვა კომპანია ეფლის დირექტორმა, ტიმ კუკმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ხუთი წლის ვადაში აღადგენენ.
შეგახსენებთ, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლი 15 აპრილს გაჩნდა, შედეგად ძეგლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანდა.