დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა არის ყველაზე მწარე ალიყური მმართველი პარტიისთვის
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ვენეციის კომისიას მთლიანობაში ძალიან მძიმე შეფასებები და ძალიან ბევრი კრიტიკა აქვს.
„ვენეციის კომისიის დასკვნა არის ყველაზე მწარე ალიყური მმართველი პარტიისთვის. ამაზე უფრო მტკივნეული, ამაზე უფრო პირდაპირ და მკვეთრი გაკრიტიკება პროექტისა, რასაც ჩვენ ამდენი ხანია სამართლიანად ვაკრიტიკებთ, წარმოუდგენელია. თუ ამას კობახიძემ ახლა თვალი არ უნდა გაუსწოროს ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ ჯგუფმა, ვინც ეს პროექტი დაუწერა, ეს უკვე მათი პრობლემაა. როდესაც ვენეციის კომისია გეუბნება, რომ საზოგადოების მხრიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ისეთი დაბალი ნდობა აქვს, რომ რეკომენდაციაც კი არის გადმოცემული, რომ ამ პარლამენტმა არ მიიღოს გადაწყვეტილება, ყველა მოსამართლე ახლა არ აირჩიოს და ეს მანდატი ახალმა პარლამენტმა აიღოს, ეს ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ ნდობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ აქვს, არამედ იმას, რომ ნდობა ამ პარლამენტსაც არ აქვს. ამაზე უფრო პირდაპირ ალიყური მართლაც ძნელად წარმოუდგენელია. პირდაპირ კრიტიკაა, ინტერესთა კონფლიქტი, რაზეც ჩვენ ვეუბნებოდით, რომ არ შეიძლება კანონპროექტში ასე დაიწეროს, რომ საკუთარი თავის ნომინირების უფლება საბჭოს წევრებს ჰქონდეთ. როცა ვეუბნებოდით, რომ გამოცდა ეს ხელოვნურად შემოღებული ბარიერია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 10 კაციანი სიის მაგვარი სია შესთავაზოს ისევ პარლამენტს. იუსტიციის საბჭო რასაც აპირებდა ყველაფერ ამაზე არის ვენეციის კომისიის ძალიან პირდაპირი, ნეგატიური, კრიტიკული პასუხი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, ერთ პატარა კანონპროექტზე ვენეციის კომისიის მხრიდან უამრავი კრიტიკა და ინსტიტუციური უნდობლობაა გამოხატული
„პარლამენტის მიმართ უნდობლობა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ უნდობლობა, პროცესის გაკრიტიკება და კრიტერიუმების გაკრიტიკება, ეს ნიშნავს იმას, რომ კანონპროექტი არაფრად არ ვარგა. ამიტომ არა მხოლოდ ეს რეკომენდაცია უნდა გაიზიაროს, რომელიც ინტერესთა კონფლიქტს და გამოცდების საკითხს ეხება, არამედ ის რეკომენდაციაც უნდა გაიზიაროს, რომ ამ პარლამენტმა ყველა მოსამართლე არ აირჩიოს. ახალ პარლამენტს, რომელსაც მოსახლეობის ახალი მანდატი ექნება და ახალი იუსტიციის საბჭო ეყოლება, სწორედ მაშინ მოხდეს უზენაესი სასამართლოს საბოლოო დაკომპლექტება. იქამდე, რომ სასამართლოს პრობლემა არ შეექმნას შეიძლება რამოდენიმე მოსამართლე შეირჩეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ვენეციის კომისიის დასკვნა დღეს გამოქვეყნდა. კომისია რამდენიმე ძირითად რეკომენდაციას აქვეყნებს, მათ შორისაა, არამოსამართლე წევრებისთვის სასამართლო სისტემაში მოხვედრის შესაძლებლობა და კანდიდატების მიერ წარდგენილი ინფორმაციის საჯაროობა.