“ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადებ გააკეთა.
მისი თქმით დასკვნამ საქართველოს პარლამენტს პირდაპირ უთხრა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნდობა არ აქვს, მათ მიერ მიღებული ინფორმაციის მიხედვით და ამ პარლამენტმა უზენაესი სასამართლო სრულად არ უნდა დააკომპლექტოს.
„პრაქტიკულად ყველა მიმართულება რაზეც ჩვენ, „ევროპული საქართველო“, ასევე სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებას მიუთითებდა, ამ დასკვნაში ასახულია. ველოდები უხერხულად როგორ დაიწყებენ იმის მტკიცებას, რომ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია თურმე გასათვალისწინებელი არ არის. ან ვერსიას, როგორ შემოგვთავაზებენ, რომ ვენეციის კომისია ალბათ ოპოზიციონერი გახდა. ან რაღაც სხვა შეთქმულების თეორიას“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა პრაქტიკულად სერიოზული დარტყმაა ამ ხელისუფლებაზე.
„ვენეციის კომისია ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ნდობა არ აქვს, ხოლო საქართველოს დღევანდელ პარლამენტს მანდატი, რომ ნახევარზე მეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გაამწესოს თანამდებობაზე. პარლამენტი პოლიტიკური ორგანოა, ჩვენ სასამართლო არ ვართ, რომ სამართლებრივ გადაწყვეტილებებს ვიღებდეთ. ჩვენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ვიღებთ და კანონის ცვლილება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. კობახიძის განცხადება, რომ პოლიტიკური რეკომენდაციები ვერ აისახება ტყუილია. ეს არის უსუსური მცდელობა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას გვერდი აუარონ და კანონი ისე მიიღონ. როგორც ვხედავ ამას აპირებენ, თუმცა ეს ხელისუფლებას არაფერ სიკეთეს არ მოუტანს. მათი მოწინააღმდეგეების რიგებშია სახალხო დამცველი, ადვოკატთა ასოციაცია, არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია. ამ რიგებს ვენეციის კომისია შემატეს. უსუსური მცდელობა, რომ რაღაც რეკომენდაციები პოლიტიკურად მონათლონ და ამიტომ არ შეასრულონ ძალიან ცუდად დამთავრდება მათი საერთაშორისო რეპუტაციისთვის“ – განაცხადა ოთარ კახიძემ.
ვენეციის კომისიის დასკვნა დღეს გამოქვეყნდა. კომისია რამდენიმე ძირითად რეკომენდაციას აქვეყნებს, მათ შორისაა, არამოსამართლე წევრებისთვის სასამართლო სისტემაში მოხვედრის შესაძლებლობა და კანდიდატების მიერ წარდგენილი ინფორმაციის საჯაროობა.