საზღვარზე შემოწმების მიზნით ანსამბლ “გორდას” 17 კაციანი ჯგუფის შეფერხების შესახებ განმარტებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აკეთებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მესაზღვრეებისთვის საეჭვო გახდა ის გარემოება, რომ ანსამბლი ისრაელში მიდიოდა საბავშვო ფესტივალზე მონაწილეობის მიზნით და ანსამბლის 17 წევრიდან მხოლოდ ხუთი იყო ბავშვი, დანარჩენი კი 25 წლის ზემოთ პირები.
„14 აპრილს ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურიდან საქართველოს საკონსულოში შევიდა ინფორმაცია საზღვარზე შემოწმების მიზნით ანსამბლ „გორდას“ 17 კაციანი ჯგუფის შეფერხების შესახებ.
მესაზღვრეებისთვის საეჭვო გახდა ის გარემოება, რომ ანსამბლი ისრაელში მიდიოდა საბავშვო ფესტივალზე მონაწილეობის მიზნით და ანსამბლის 17 წევრიდან მხოლოდ ხუთი იყო ბავშვი დანარჩენი კი 25 წლის ზემოთ პირები. შესაბამისად მათ უარი ეთქვათ ისრაელში შესვლაზე.
ისრაელში საქართველოს კონსული ესაუბრა ასევე ჯგუფის ხელმძღვანელს. ისრაელის მხარე, იმის გათვალისწინებით, რომ ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ ბავშვები, თანახმა იყო მიეცათ შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისათვის შეეძინათ ბილეთები საქართველოში დასაბრუნებელ უახლოეს რეისზე. თუმცა მშობლებმა აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს. შესაბამისად კომპანია „მაი ვეი“ (myway), რომლის მეშვეობით ისინი ჩამოვიდნენ ისრაელში, თბილისში უახლოესი შემდგომი რეისი აქვს 17 აპრილს 13:30 სთ-ზე.
საქართველოს კონსული გაემგზავრა აეროპორტის წინასწარი განთავსების დაწესებულებაში საქართველოს მოქალაქეების მოსანახულებლად. ასევე კონსული უკვე ესაუბრა სადეპორტოს ადმინისტრაციას და თხოვა განსაკუთრებით ყურადღებით იყვნენ ბავშვებთან მიმართებით.
აღსანიშნავია, რომ ხუთი ბავშვიდან სამს თან ახლავს ორივე მშობელი, მხოლოდ ორი ბავშვია მშობლის გარეშე“ – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.