„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსთან, გიგა გიგაშვილთან
დედაქალაქში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით საზოგადოების ინტერესი საკმაოდ მაღალია. თბილისის მერია თითქმის ყოველი კვირის დასაწყისში აანონსებს ქალაქში შესასრულებელი სამუშაოების შესახებ ინიციატივებს. საცობები, მშენებლობა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გამწვანება, ხეების უკანონო ჭრა – ეს ის საკითხებია, რომელთა მიმართ მოსახლეობის ინტერესი საკმაოდ მაღალია. აქედან გამომდინარე, „მეტრონომმა“ გადაწყვიტა, დედაქალაქის მერიის სხვადასხვა სამსახურების უფროსებთან დაკავშირება და საზოგადოების პერიოდული ინფორმირება. ამჯერად, ჩვენი რესპონდენტია თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი.
„მეტრონომი“: რა შემთხვევაში იღებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დედაქალაქში ხის მოჭრის გადაწყვეტილებას?
გიგა გიგაშვილი: მწვანე ნარგავების ჭრის საკითხი დარეგულირებულია, როგორც საქართველოს კანონით, რომელიც ჩამოთვლის წინაპირობებს, რა შემთხვევაში შეიძლება, დედაქალაქის მასშტაბით, მწვანე ნარგავის მოჭრა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, რომელიც უკვე კონკრეტულ პროცედურას განსაზღვრავს, თუ რა არის საჭირო, შესაბამისი ნებართვის მისაღებად, რათა მუნიციპალიტეტმა მიიღოს გადაწყვეტილება, კონკრეტულ ტერიტორიაზე ჭრის შესახებ. პირველია, რა თქმა უნდა, მოვლითი ღონისძიებები, რომელიც აერთიანებს სანიტარულ ჭრას, გავლით ჭრას, მხედველობით ჭრას და ა.შ, რაც გულისხმობს იმას, რომ კონკრეტულ ტერიტორიაზე (ძირითადად ეს სატყეო ფართობებს ეხება, რომელიც დედაქალაქში გვხვდება), მოვლითი ღონისძიებისთვის, აუცილებელია, კონკრეტული ჭრის განხორციელება, რასაც, ასევე ტყის მართვის კოდექსი ითვალისწინებს. ჩვენ, კანონმდებლობის კუთხით, თანხვედრაში ვართ ტყის მართვის კოდექსთან, ამ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი თავად იღებს გადაწყვეტილებას, კვლევაზე დაყრდნობით და სპეციალისტების შეფასებით.
არის შემთხვევები, როცა დაავადებული ხეები გვხვდება და ფიტოსანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით იჭრება ხეები, რიგ შემთხვევებში უსაფრთხოების დასაცავად იჭრება, შესაბამისად, ამ დროს, მუნიციპალიტეტი თავად იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული მცენარეების მოჭრის შესახებ.
რაც შეეხება კერძო ტერიტორიაზე დაინტერესებული პირის მოთხოვნას მწვანე ნარგავების მოჭრის შესხებ, ამასაც კანონმდებლობა არეგულირებს და საკანონმდებლო აქტებში გაწერილია როგორც პროცედურა, ისე საფუძვლები.
– რა შემთხვევაში შეიძლება დაავადებული ან ჯანსაღი ხის მოჭრა, კერძო ტერიტორიაზე:
– გვაქვს ძირითადი საფუძვლები, თუ რა შემთხვევაში შეიძლება დაავადებული ან ჯანსაღი ხის მოჭრა, კერძო ტერიტორიაზე. როცა დაავადებული ან ამორტიზებული ხე საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ან ქმნის სახელმწიფოს ქონების დაზიანების ფარგლებს. სპეციალური ჭრა, როცა კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფოს მიერ (ძირითადად, ეს ეხება ხაზობრივ ნაგებობებს: გზების, მილსადენების, ელექტროგადამცემი ხაზების და ა.შ გაყვანას).
როცა ხეს ისეთი დაავადება აქვს, რომ დაავადების გავრცელების ალბათობა ძალიან დიდია დედაქალაქის სხვა ტერიტორიაზე.კერძო პირს თავის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე აქვს მწვანე ნარგავები რომელიც ხელს უშლის მშენებლობის განხორციელებას.
ამ შემთხვევაში, ჩვენ გავცემთ ჭრის ნებართვას, თუმცა მას აქვს კონკრეტული შეზღუდვები, არის ტერიტორიები, როცა საერთოდ საერთოდ არ გაიცემა ჭრის ნებართვა, ეს არის ლანდშაპტურ სარეკრიაციო სივრცეები და სატყეო ფართობები, რომლებზეც, ასევე გვხვდება კერძო საკუთრებები. გარდა ამისა, მფლობელს არ აქვს უფლება, ტერიტორიაზე არსებული ჯანსაღი მწვანე ნარგავების 25%ზე მეტი მოჭრას.
– როგორ ხდება უნებართვო ჭრების სამართლებრივი რეგულირება ,ან ვინ აკონტროლებს, რომ პირმა ნებართვით მიცემულ ზღვარს არ გადააჭარბოს და უფრო მეტი მწვანე ნარგავი არ მოჭრას.
– უნებართვო ჭრას რაც შეეხება, შეიძლება, ნებისმიერმა პირმა არამარტო თავის კერძო ტერიტორიაზე, არამედ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეც განახორციელოს უნებართვო ჭრა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც ამის კონტროლს ახორციელებს და არსებობს ჯარიმა, რომელიც გათვალისწინებულია, როგორც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ასევე სისხლის სამართლის კოდექსით, თუ ზიანი აჭარბებს 1000 ლარს.
ამის კონტროლს ახორციელებს მუნიციპალური ინსპექცია, რომელსაც სპეციალური მიმართულება აქვს გარემოს დაცვის კუთხით, კონკრეტულად მწვანე ნარგავების კონტროლი.
რაც შეეხება გაცემული ნებართვის შემთხვევაში ზედმეტი ხეების მოჭრის საკითხს, ჩვენ ვესწრებით გაცემული ნებართვის შესაბამისად მიმდინარე ჭრებსაც და გადარგვებსაც, რათა ადგილზე დავაკვირდეთ ნებართვით გათვალისწინებული პირობების შესრულებას.
ასევე მუნიციპალური ინსპექციაა უფლებამოსილი, რომ გააკონტროლოს, ხომ არ იჭრება იმაზე მეტი მწვანე ნარგავი, ვიდრე ნებართვაა გაცემული.
– პერიოდულად მიდიან და ამოწმებენ?
– გაცემულ ნებართვას ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ვამოწმებთ, ხოლო ჭრის შემთხვევაში, მართალია სულ ვერ ივლის თანამშრომელი, მაგრამ პერიოდული კონტროლი ხორციელდება.
– რას უპასუხებდით ადამიანებს, რომლებიც ამბობენ რომ დედაქალაქში ჯანსაღი ხეები იჭრება, მათ შორის არის ენმ-ის წევრი ლევან ხაბეიშვილიც ..
– ბატონი ლევანი ორი კვირაა ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, მიმდინარე სანიტარულ ჭრასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ მთელი ის პროცესი, რომელიც წარიმართა მუნიციპალიტეტში ამ პრობლემის მოსაგვარებლად, იყო ძალიან ღია და გამჭვირვალე, ჩვენ ყველა ინფორმაცია გავასაჯაროვეთ, ამაში ჩართული იყვნენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე დაინტერესებული პირები, უბრალო მოქალაქეები, რომლებსაც ამის ინტერესი ჰქონდათ.
ჩვენ ჩავატარეთ როგორც ფიტოსანიტარული კვლევები, როგორც საქართველოში, ასევე უცხოურ ლაბორატორიებში, კონკრეტული მცენარეების დაავადების შესახებ. სწორედ ამ კვლევებმა აჩვენა ის მძიმე მდგომარეობა, რომელიც ფიჭვებთან დაკავშირებით გვაქვს, ამიტომ გადავწყვიტეთ სანიტარული ჭრის სასწრაფოდ დაწყება და ეს გაგრძელდება დედაქალაქის მასშტაბით.
ჩვენ ამ ტერიტორიაზე მოჭრილ ხეებს მინიმუმ, იმავე რაოდენობის მცენარეებით ვანაცვლებთ და ის ტერიტორია კვლავ დარჩება გამწვანებული. გარდა ამისა, წარმოუდგენელია ამ ადგილების სამშენებლო მიზნებით გამოყენება.
ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი კერძო მესაკუთრეებთან, რომ ამ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტი თავად იღებს ვალდებულებას, თავისი სახსრებით განახორციელოს მწვანე ნარგავების გაშენება. ლევან ხაბეიშვილის ბრალდებები საფუძველს მოკლებულია და მარტივად რომ ვთქვათ, უხერხულია ასეთი ტყუილის თქმა იმ საზოგადოებისთვის, რომელიც პრობლემით რეალურადაა დაინტერესებული. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვიკავშირდება მოსახლეობა,სოციალური ქსელითა თუ სხვა საშუალებებით და ითხოვენ დაავადებული ხეების მოჭრასა და ჩანაცვლებას, ჩვენ ყველა მოთხოვნაზე რეაგირება გვაქვს. ეს არის ნიმუში, ხეს გარეგნულად არ ეტყობა დაავადება, მწვანეა, მაგრამ ქერქი ავაძრეთ და ქერქის შიგნიდან ეს მდგომარეობაა.
– როგორც თავად აცხადებს, არსებულ კითხვებზე პასუხის მისაღებად გარემოს დაცვის კომისიას მიმართავს.
– აღნიშნული ინფორმაცია ლევანს აქვს, საკომისიო მოსმენაც გვქონდა და ბატონი ლევანი რატომ მიმართვას კომისიას არ ვიცი, იმიტომ, რომ იგი თავად არ დაესწრო სხდომას, რომელზეც მე, პირადად წარვადგინე კვლევა და გეგმა. არც ლევანი და არც ოპოზიციური პარტიის სხვა წარმომადგენლები არ დასწრებიან განხილვას. მე, როგორც საქალაქო სამსახურის უფროსი და პირველი პასუხისმგებელი პირი ამ საკითხზე, ასევე მერის მოადგილე ვიმყოფებოდით სხდომაზე, ყველა პირის გავეცით პასუხი, ვისაც კითხვა ჰქონდა და წარმოვადგინეთ მასალაც.
– რა თანხაა გამოყოფილი ბიუჯეტიდან დედაქალაქის გამწვანებისთვის და რა ღონისძიებებია დაგეგმილი ახლო მომავალში?
– მოგეხსენებათ, ახალი ბიუჯეტი, რომლითაც ჩვენ მუშაობა დავიწყეთ მუნიციპალიტეტში, 7 მლნ-ით აღემატებოდა დაგეგმილი ბიუჯეტს და გასულ წელს, 23 მლნ. დაიხარჯა გამწვანების ღონისძიებებში. ეს, რა თქმა უნდა, მარტო მცენარეების შეძენას არ გულისხმობს, ეს მოიცავს ზოგადად, სარეკრიაციო სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას, ასევე ახალი მწვანე ნარგავების გაშენებას, ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა დედაქალაქის მასშტაბით, დიდი ტერიტორიაზე მოვაწყვეთ სარწყავი სისტემა, განვახორციელეთ ჰიდროთესვა.
შესაბამისად, ის ღონისძიებები, რომელიც 2018 წელს განვახორციელეთ, იყო ძალიან მასშტაბური, რამაც საფუძველი ჩაუყარა ტერიტორიების შენარჩუნებას და განვითარებს.
წლევანდელი ბიუჯეტი კიდევ 15 მლნ-ით გაიზარდა და 36 მლნ. ლარს შეადგენს, საიდანაც დიდი ნაწილი დაიხარჯება ახალი ნერგების შესაძენად, რათა გამწვანების მასშტაბური ღონისძიებები განხორციელდეს, ასევე პარკების და სკვერების მოსაწყობად: ჩვენ დავიწყეთ კიკვიძის პარკის რეაბილიტაცია, სამუშაოები დაწყებულია და გვექნება პრეზენტაცია შემდეგ კვირაში. გარდა ამისა დიღმის ჭალებში, გენგეგმის რეკომენდაცია იყო ახალი პარკის მოწყობა. ამ ტენდერსაც უკვე ვაცხადებთ და წელსაც დაიწყება სამუშაოები, ახალი პარკის მოწყობის მიზნით, დანარჩენი, რა თქმა უნდა, ახალი გამწვანების მოსაწყობად დაიხარჯება.
-რა გეგმები გაქვთ ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე?
-ელიავას მიმდებარედ, გარკვეული სამუშაოები ჩავატარეთ, ფერდზე და შუა გამყოფ ზოლში 500-მდე ხე დავრგეთ, მოვაწყვეთ სარწყავი და დათესილია ბალახი, რომელიც რამდენიმე კვირაში ამოვა.
-იბარებს თუ არა მერია ახალაშენებულ კორპუსს იმ შემთხვევაში, თუ კორპუსის მიმდებარე ტერიტორია არ არის ნაგვისგან გაწმენდილი და არ არის მცირედი გამწვანება მაინც?
-2018 წლიდან, სამშენებლო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების სისტემური რეფორმა გატარდა. ნებართვის გაცემის პროცედურაში ჩაერთო გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, ასევე ტრანსპორტის საქალაქო სამსახური. პირველივე ეტაპიდან ვერთვებით და ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციასა და მოთხოვნას.
გარემოს კუთხით, აუცილებელია ყველა მშენებლობის ნებართვის დროს, შეთანხმებული იყოს დენდროლოგიური პროექტი, რაც გულისხმობს კ3 კოეფიციენტის ათვისებას და გამწვანებას, შესაბამისად, თუ ეს ვალდებულება არ არის შესრულებული, ჩვენ იმ ობიექტს არ ვიღებთ ექსპლუატაციაში.
გამომდინარე იქიდან, რომ ეს ცვლილება 2018 წლის 27 თებერვალს შევიდა ძალაში და მხოლოდ მას შემდეგ გაცემულ ნებართვებს ეხება, ჯერჯერობით რამდენიმე პროექტი გვაქვს ექსპლუატაციაში მიღებული და შემიძლია გითხრათ, რომ შედეგი ძალიან კარგია, ფოტომასალაც გვაქვს, როგორ მოაწყვეს.
-ვის უნდა მიმართონ ადამიანებმა, რომლებსაც უწევთ, ექსპლუატაციაში მიუღებელ კორპუსებში ცხოვრება?
-სამართლებრივად, ეს თავად კომპანიის ვალდებულებაა, მაგრამ მერია ცდილობს, ეს პრობლემა მოგვარდეს თანამშრომლობით და მერიის ჩართულობით, მათ შორის, ექსპლუატაციაში ჯერ არ მიღებული შენობების შესახლების საკითხი, თუმცა მე არ შემიძლია კონკრეტულ დეტალებზე გესაუბროთ, რადგან ეს უშუალოდ, არქიტექტურის და ქონების მართვის სააგენტოს საქმეა.
-გარემოსდაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფთან ერთად, შვედეთის მთავრობისა და ფონდ „ორბელიანი საქართველოს“ მხარდაჭერით, თბილისის ქუჩის მტვერსა და ოჯახების ყოველდღიური მოხმარების 268 ნივთში ტყვიის შემცველობა შეისწავლეს. როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქის ქუჩებში, კერძოდ კი შესწავლილ თამარაშვილის ქუჩაზე, ქუჩის მტვერში ტყვიის მაღალი შემცველობაა, გაქვთ თუ არა ინფორმაცია ამ საკითხის შესახებ და არის თუ არა დაგეგმილი ღონისძიებები?
-როგორც იცით, ბენზინში ტყვიის შემცველობა არ გვხვდება არც დედაქალაქში და არც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, რადგან შესაბამისი რეგულაცია უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს. რაც შეეხება დიზელს, დიზელის რეგულირებასთან დაკავშირებითაც, ჩვენ 2019 წლიდან გვაქვს კონკრეტული რეგულაციები და ევრო 3 და ევრო 4 სტანდარტები იგეგმება.
ქალაქში ვაწარმოებთ დაკვირვებას ჰაერის ხარისხზე, მონიტორინგს ახორციელებს გარემოს ეროვნული სააგენტო, მემორანდუმიც გვაქვს გაფორმებული, როგოც გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან, ისე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რომლის ლაბორატორიებშიც ჩვენ რეგულარულად ვახორციელებთ კვლევებს.
გარკვეული პრობლემები არსებობს ჰაერის ხარისხში, მაგრამ ის საგანგაშო მდგომარეობა, რომელზეც მიუთითებენ, განსაკუთრებით ტყვიის შემცველობის ნაწილში მთლად სიმართლეს არ შეესაბამება და, რა თქმა უნდა, მონაცემები გადაჭარბებულია, ვინაიდან, კონკრეტულ ადგილზე, კონკრეტულ წუთში თუ ავიღებთ სინჯს, ის შეიძლება დაშვებულ ზღვარს აჭარბებდეს, თუმცა სტანდარტი დღიური და წლიური საშუალო მაჩვენებლით იზომება.
ამ შემთხვევაშიც, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს პრობლემური ქუჩები, თუმცა არ არის ისეთი სავალალო მდგომარეობა, როგორსაც ზოგი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება ავრცელებს. ცხელი წერტილიებია: მელიქიშვილის გამზირი, ელიავა … ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს – მტკვრის ნაწილაკები, გამონაბოლქვი და ეს მასშტაბური ღონისძიებები, მათ შორის, ტექინსპექტირება, მთელი საქართველოს მასშტაბით და ის ღონისძიებები რაც დედაქალაქში ხორციელდება, კომპლექსურად, ცხადია ეტაპობრივად გააუმჯობესებს ჰაერის ხარისხს.
ცხადია, სასურველ კონდინციაში არ არის ჰაერი და სწორედ ამისკენ არის მიმართული ყველა ღონისძიება, რათა ეტაპობრივად, მცირედით მაინც გამოსწორდეს მდგომარეობა.
ესაუბრა თამთა ქარქაშაძე