ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რა გგონიათ, ვენეციის კომისიის დასკვნას თუ არ გაითვალისწინებთ, კომისიის რომელიმე წევრი წმინდა მარკოსის მოედანზე თავს დაიწვავს?” – სამადაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე მსჯელობენ განაცხადა, რომ გამოსული ხალხი, ან პარლამენტში მოსული, მოთხოვნით რომ უზენაესი სასამართლო სასწრაფოდ დაკომპლექტდეს, არ უნახავს.

„თქვენი კანონპროექტის წინააღმდეგ არსებობს სრული საზოგადოებრივი კონსენსუსი, რომ ეს კანონპროექტი დააკანონებს ქვეყანაში ძალიან დიდი ხნით მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს. მაინტერესებს პოლიტიკური გადარჩენის ინსტინქტი მაინც არ გაქვთ, რომ ამ საზოგადოებრივი კონსენსუსის წინააღმდეგ დღეს ფორსირებულად გვაიძულებთ ვენეციის კომისიის დასკვნასაც არ დაველოდოთ და ისე მივიღოთ კომიტეტზე ეს კანონპროექტი. რას მოელით, რომ ვენეციის კომისია რას გააკეთებს? მათ დასკვნას თუ არ გაითვალისწინებთ რომელიმე ვენეციის კომისიის წევრი წმინდა მარკოსის მოედანზე თავს დაიწვავს? ჩამოვიდა ეს ხალხი, გითხრათ რომ ფორმალობა არის აქ ჩვენი მოწვევა, რადგან ჩანიშნული გაქვთ შემდეგი მოსმენები არ გაინტერესებთ ჩვენი აზრიო და დღეს ამას კიდევ ერთხელ ამტკიცებთ’ – აღნიშნა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი ძალიან დიდი ხნით საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობის შანსს წაართმევს.

„ეს ხალხი მე აქ მეჩვენება, რომ სხედან პროტესტის ნიშნად? მეჩვენება თუ სხედან? ვისთვის იღებთ ამ კანონპროექტს, როდესაც სრული საზოგადოებრივი კონსენსუსი არსებობს, რომ ეს კანონპროექტი ძალიან დიდი ხნით საქართველოს სასამართლოს წაართმევს დამოუკიდებლობის შანსს.

გასაგებია არჩევნები მოდის, სასამართლო სისტემის სრული კონტროლი გჭირდებათ და, რა თქმა უნდა, ეს არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე რაიმე, რაც დღეს აქ ითქმება, ამ დარბაზში ვინმეს მიერ. თანამონაწილეობა კანონპროექტის განხილვის დროს ფორმალობა კი არ უნდა იყოს, ამ თანამონაწილეობის შედეგად რეკომენდაციები უნდა გაგეთვალისწინებინათ ბატონო ანრი და რომ არ გაითვალისწინეთ, იმიტომ ზის ეს ხალხი აქ. მაგრამ როგორც ჩანს, თქვენ ვერაფერს ვერ იგებთ და სწორედ ამიტომ მიიღებთ ამ კანონპროექტს. ეს კანონპროექტი მხოლოდ დააჩქარებს მხოლოდ იმას, რაც მოელის თქვენ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც ასე ექცევა საზოგადოებას და მიიღეთ, კარგია, რაც უფრო სწრაფად დაისამარებთ საკუთარ თავს მით უკეთესია. პოლიტიკურად რა თქმა უნდა“ – განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა ორი კვირით გადადოს.

 

 

 

იტვირთბა....