პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ვალების ჩამოწერის იდეა მას ეკუთვნის და ამ პროექტს არაფერი საერთო არ აქვს არჩევნებთან.
„ჩემი კითხვა ეხება 2018 წლის ოქტომბრის არჩევნებს. თქვენი აზრით, შეესაბამება თუ არა კანონის უზენაესობის პრინციპს ის, რომ მმართველი პარტიის ლიდერმა გადაიხადა 600 ათასი ადამიანის ვალი საკუთარი ჯიბიდან და როგორ უპასუხებდით სახელმწიფო მოხელეებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ ბრალდებებს, იქნება თუ არა ეს ბრალდებები გამოძიებული დამოუკიდებელი უწყების მიერ და თუ არა, როგორ აისახება ეს საქართველოს ურთიერთობებზე ევროპასთან“ – განაცხადა ბახტაძემ.
როგორც პრემიერმა ამ კითხვის პასუხად განაცხადა, ვალების ჩამოწერის ინიციატივით ის ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის პერიოდში გამოვიდა და აღნიშნული პროექტის განხორციელების შესახებ არჩევნებამდე გაცილებით ადრე განაცხადა.
„მადლობა ამ თემის წამოწევისთვის, რადგან ვალების ჩამოწერის ეს იდეა მე მეკუთვნის. ამ ინიციატივით ფინანსთა მინისტრობის დროს გამოვედი. მინდა, მოგაწოდოთ ძალიან საინტერესო მონაცემები. საქართველოს მოსახლეობა არის 4 მილიონზე ნაკლები. 600 ათასი მოქალაქე იყო ე.წ. შავ სიაში. მათ არ ჰქონდათ საშუალება, მონაწილეობა მიეღოთ ეკონომიკურ პროცესში. ეს ოჯახების უმრავლესობაა. არჩევნებამდე, პრემიერ-მინისტრის რანგში ამ ინიციატივით მე გამოვედი. 2018 წლის აგვისტოში მე დავაანონსე, რომ აღნიშნული პროექტი 2018 წლის შემოდგომაზე განხორციელდებოდა და ჩვენ ეს გავაკეთეთ. ასე რომ, აღნიშნული იდეა არჩევნებამდე გაცილებით ადრე დავაანონსეთ. ეს ვალები იყო მთავრი პრობლემა და სისტემური რისკი ჩვენი ეკონომიკისთვის. თუ შეხედავთ საქართველოს რეიტინგებს, საქართველო დაწინაურდა სარეიტინგო სააგენტოების მონაცემებში. ამის მთავარი არგუმენტი იყო აღნიშნული პროექტის განხორციელება. გარწმუნებთ, ამ პროექტს არაფერი საერთო არ აქვს არჩევნებთან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.