პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია და 18 წლის დავით ბაშარული ოკუპაციის ბოლოდროინდელ მსხვერპლთა სახელებია.
პრემიერმა ოკუპაციის პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მძიმე ჰუმანიტარული, სოციო-ეკონომიკური და ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის მაჩვენებელმა 5-6-ჯერ იკლო ოკუპაციის დღიდან.
„ყველა წინსვლის მიუხედავად ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ ვიმყოფებით ადამიანის უფლებების სფეროში არსებული გამოწვევების წინაშე. ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია; ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. 300 ათას იძულებით ადგილნაცვალ პირზე მეტი ვერ ბრუნდება სახლში და ყოველ დღე განვიცდით მავთულხლართების, ოკუპირებული ტერიტორიების დეპოპულაციის, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და ზოგადი მდგომარეობის პრობლემას, რაც სხვა არაფერია თუ არა ჰუმანიტარული კატასტროფა – ამ ტერმინის ყველა განზომილებით.
ამ რეგიონების გაზრდილი მილიტარიზაცია სრული ტემპით მიმდინარეობს და ყოველწუთიერად იზრდება დეპოპულაციის მაჩვენებელი. მძიმე ჰუმანიტარული, სოციო-ეკონომიკური და ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის მაჩვენებელმა 5-6-ჯერ იკლო ოკუპაციის დღიდან.
შედეგად მივიღეთ საქართველოს შუაგულში რუსეთის სამხედრო ბაზები. ჯერ ისევ ვიმყოფებით საქართველოს მოქალაქეების გატაცებების, წამებისა და მკვლელობის საფრთხის წინაშე. არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია და 18 წლის დავით ბაშარული ბოლოდროინდელ მსხვერპლთა სახელებია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერმა ადამიანების გატაცების ბოლო ფაქტებზეც ისაუბრა და საპარლამენტო ასამბლეას „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„რამდენიმე კვირის წინ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე – ირაკლი კვარაცხელია – უკანონოდ იქნა დაკავებული. ბუნდოვან გარემოებებში მისი გარდაცვალების მიზეზები კვლავ გაურკვეველია. ერთი რამ ნათელია: საქართველოს მოქალაქე უკანონოდ იქნა დაკავებული უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონოდ აგებულ სამხედრო ბაზაზე. აქვე მსურს მადლობა გადავუხადო საპარლამენტო ასამბლეას „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მხარდაჭერისთვის. ყველანი უნდა დავირაზმოთ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების წინააღმდეგ, რათა არასოდეს შევურიგდეთ სამართლის უზენაესობის მიზანმიმართულ უგულებელყოფას!“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს მამუკა ბახტაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე წარსდგა.