ავლაბარში მდებრე საპრეზიდენტო რეზიდენციას სახელმწიფო ცერემონიების სასახლე დაერქმევა. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, გადაწყვეტილება მიღებულია და შეთანხმება სახელწოდებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს, პარლამენტსა და მთავრობას შორის უკვე მიღწეულია.
„სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით შესაბამის განკარგულებას გამოსცემს საქართველოს მთავრობა. ეს არის შეთანხმებული, სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე იმართება დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერთათვის პრეზიდენტის სახელით მიღება ავლაბარში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში.
რაც შეეხება ადმინისტრაციულ ნაწილს, საქართველოს პარლამენტში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე. რა თქმა უნდა, კომისიის მუშაობაში ჩართულია როგორც მთავრობა, ისე პრეზიდენტის ადმინისტრაცია და განიხილება შესაბამისი ვარიანტები, თუ რა განთავსდება ადმინისტრაციულ ნაწილში“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.