იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, ირაკლი კობახიძე ცდილობს, ამოიღოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციის ის ნაწილი, რომელიც “შეესაბამება მისი და კლანის დღის წესრიგს”.
დოლიძემ უმრავლესობის მიერ მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიისადმი გაგზავნას მარტივი ტაქტიკური სვლა უწოდა.
„ძალიან მინდა, გავიცნო ის „გენიოსი“, ვინც დაწერა ახალი მესიჯი, რომლითაც გვევლინებიან ირაკლი კობახიძე და მისი ამფსონები, რომ გაითვალისწინებენ მხოლოდ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც არ შეეწინააღმდეგება კონსტიტუციას. რა თქმა უნდა, ეს მესიჯი გენიალურია, რადგან მან შეურაცხყოფა მიაყენა 40-ზე მეტ ყველაზე გამორჩეულ სამართლის ექსპერტს ევროსაბჭოს ქვეყნებიდან, რომლებიც მივლენილი არიან ვენეციის კომისიაში, ანუ შეურაცხყოფა მიაყენა ვენეციის კომისიას. თითქოს მან შეიძლება, დაწეროს დასკვნა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება. რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირ სილის გაწვნა.
ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ექსპერტული ორგანოსთვის სინამდვილეში ეს მესიჯი არის ერთ-ერთი ბოლო გამოსავალი, რომელსაც იყენებს ირაკლი კობახიძე, რომ გაამართლოს საკუთარი დღის წესრიგი. ეს დღის წესრიგი არის ის, რომ ამოიღოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება მისი და კლანის დღის წესრიგს. ამ გზავნილებით ზიანდება ჩვენი სახელმწიფოს რეპუტაცია, ვინაიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უშვებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და ევროპული ორგანიზაცია შეიძლება გამოსცემდეს დასკვნებს, სადაც არ არის გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის რამდენიმე მუხლი.
ამასთან, ჩვენ ვნახეთ მარტივი ტაქტიკური სვლა კონსტიტუციის ცვლილებების წესის პროცესში. მაშინ დაიწყო ირაკლი კობახიძემ ამ ტაქტიკების გამოყენება და სწორედ მაშინ გასცა დაპირება, რომ გამოიყენებს ვენეციის კომისიის მოსაზრებებს, თუმცა შერჩევითად. კობახიძე ცდილობს, დაიჭიროს ორი კურდღელი, ვითომ მიმართა ძალიან ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციას, მაგრამ ამავე დროს, წინასწარ გვეუბნება, რომ აპირებს გაითვალისწინოს მხოლოდ ის მოსაზრებები, რომლებიც შეესაბამება მის და მისი ამფსონების დღის წესრიგს. ამჯერად ეს ტაქტიკური სვლა ჩვენთვის ნაცნობია და ეს მას აღარ გამოუვა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.