ჩანს ნიშნები, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ და გაფიცულმა სოციალურმა მუშაკებმა შესაძლოა, კონსენსუსს მიაღწიონ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს კომიტეტის სხდომაზე შედგება მოსმენა, თუ როგორ მიმდინარეობს კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოები, კონკრეტულმა უწყებამ რა ნაბიჯი გადადგა კანონის აღსრულებისთვის.
„სოციალური მუშაკის პროფესია უმნიშვნელოვანესია და სწორედ ამიტომ ჩვენი ინიციატივით გასულ წელს „სოციალური მუშაობის შესახებ“ ახალი კანონი მივიღეთ, რომელშიც აბსოლუტურად ყველა გარანტიაა გათვალისწინებული, მათშორის, ხელფასების მომატება, რომელსაც დღესდღეობით სოციალური მუშაკები ითხოვენ. ჩვენ ამ პროცესს წელს ვამზადებთ და მომავალი წლიდან შესრულებას უკვე ვიწყებთ. მათშორის, სოციალური მუშაკებისთვის ხელფასების მომატებას, ასევე უსაფრთხოებისა და სოციალური გარანტიების შექმნას.
იმედი მაქვს და ჩანს ნიშნები, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ და გაფიცულმა სოციალურმა მუშაკებმა შესაძლოა, კონსენსუსს მიაღწიოს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გაფიცვა დროულად დასრულდეს და ისე დასრულდეს, როგორც ეს ორივე მხარის ინტერესშია“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
25 მარტს დაწყებული სოციალური მუშაკების გაფიცვა კვლავ გრძელდება. 250 სოციალური მუშაკიდან გაფიცუალია 180.
გაფიცულებს გუშინ, ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო შეხვდათ.
როგორც შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში სოციალური მუშაკები აღნიშნავენ, შეთანხმება მხოლოდ საკითხების ნაწილზე შედგა.