სოციალურ ქსელში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს წყნეთში, ნუშის ბაღების მიმდებარე ტერიტორიაზე, დაავადებულ ფიჭვებთან ერთად, ჯანსაღი ხეებიც იჭრება და აღნიშნული ტერიტორიიდან მოჭრილი ხეების გატანა არ ხდება.
მსოფლიო მასშტაბით, დაავადების გავრცელების პრევენციისა და ჯანსაღი კორომების გადარჩენის მიზნით, გაზაფხულსა და შემოდგომაზე სანიტარიული ჭრები ხორციელდება. წყნეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანიტარიული ჭრები 15 მარტიდან დაიწყო, რომლის პარალელურადაც, ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მასშტაბით, 20 000-ზე მეტი დაავადებული და ხმობადი ხე-მცენარის მოჭრა უკვე დაწყებულია. წყნეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯამში, 3 575 ზეხმელი და ხმობადი ხე-მცენარე მოიჭრება. აღნიშნული ხეები, მოჭრამდე, სპეციალური ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე აღიწერა.
ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ ტერიტორიების აღდგენა და ხელახალი განაშენიანება 2019 წლიდან დაიწყება, მას შემდეგ, რაც სანიტარიული ჭრები დასრულდება. მიმდინარე წელს, თბილისში 13 750 ხისა და 3 136 ბუჩქის დარგვაა დაგეგმილი.
სანიტარიული ჭრების გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ფიჭვებზე გავრცელებულია Tomicus Destruens-ის სახეობის მავნებელი მწერი. ამ ტიპის კვლევა თბილისის ტერიტორიაზე გავრცელებული ხე-მცენარეების შესახებ პირველად ჩატარდა. დასკვნის მიხედვით, აუცილებელია, მასშტაბური სანიტარიული ჭრების ჩატარება დედაქალაქსა და მის შემოგარენში. ასევე, ამის პარალელურად, სხვა ფიტოსანიტარიული ღონისძიებებიც განხორციელდება.
დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური მოგიწოდებთ ყველას, რომ სანიტარიული ჭრების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, საზოგადოებას შეცდომაში ნუ შეიყვანთ.