საკმაოდ ხმაურიან განცხადებას აკეთებს დეპუტატი გედევან ფოფხაძე. მისი თქმით, პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე ივანიშვილისგან რამდენიმე პარლამენტარის გარიცხვაზე ნებართვას ითხოვდა, რომელთა შორის იყვნენ ნუკრი ქანთარია და რომან კაკულია. აღნიშნული ინფორმაცია ფოფხაძემ გადაცემა “360 გრადუსში“ გააკეთა.
როგორც ფოფხაძე ამბობს, სპიკერის ინიციტივა აღნიშნული დეპუტატების დაუმორჩილებლობით იყო გამოწვეული.
“ივანიშვილი სამ დეპუტატს შეგვხვდა მე , ზაზა პაპუაშვილს და ნუკრი ქანთარიას. გვითხრა, კობახიძემ მთხოვა 6 ადამიანის გარიცხვა, თქვენ ხართ სამი იმ ექვსიდან და თქვენს გარდა მთხოვს, რომ გავრიცხო რომან კაკულია, ლევან კობერიძე და დავით ჭიჭინაძეო. რა ხდება, რა გაუგებრობააო. როცა ეს საუბარი შედგა, ჩვენ, რა თქმა უნდა, აღვშფოთდით. როგორია, როცა პარლამენტის თავმჯდომარე მიდის ადამიანთან, რომელსაც არანაირი პოლიტიკური სტატუსი იმ მომენტში არ აქვს და ეუბნება, რომ მომეცი ნება ეს ხალხი გავრიცხო უმრავლესობიდანო“, – ამბობს გედევან ფოფხაძე
მისი თქმით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დათო უსუფაშვილი ამას არ იკადრებდა, მიუხედავად იმისა, რომ მას მისგან ბევრი განსხვავებული აზრი ჰქონდა.
“უსუფაშვილი კოლეგას მსგავს რაღაცას არ აკადარებდა. პარლამენტის თავმჯდომარის ბრალია იმ კონფლიქტების 90 პროცენტი, რომელიც პარლამენტში ხდება. იმის მაგივრად რომ მან შეასრულოს დამაბალანსებელი როლი, მომიტევეთ და „პადჟიგაწელის“ როლს ასრულებს. თუ სადმე ნაკვერჩხალს დაინახავს, ნავთით დარბის, რომ ზედ გადაასხას და ცეცხლი ააგუზგუზოს“, – აცხადებს ფოფხაძე