ბათუმში 29 წლის გოგოს გარდაცვალებაში რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ.
ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
მედიასაშუალების ინფორმაციით, გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ პაციენტი მუცლის არეში ტკივილებით თავდაპირველად რეფერალურ საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა ის მალევე სახლში გაწერეს.
მეორე დღეს კი მდგომარეობა გამწვავდა და კლინიკა “მედცენტრში” შეიყვანეს, სადაც პაციენტი მალევე გარდაიცვალა. მათი თქმით, მელანო ფუტკარაძე მწვავე აპენდიციტით გარდაიცვალა. ისინი რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს დაუდევრობასა და უპასუხიმგებლობაში ადანაშაულებენ. ამბობენ, ექიმებმა დიაგნოზი არასწორად დასვეს, რასაც მდგომარეობის გამწვავება მოჰყვა.
ოჯახი ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. მედცენტრში ამბობენ, რომ პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და მედიკოსების რეკომენდაციით ბინაზე გაწერეს.
წყარო: