ციხიდან გამოგზავნილი ჩემი წერილის ციტატა მეგონა, – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარის არჩევასა და პარტიაში განსახორციელებელ ცვლილებებს ეხება.
უგულავას აზრით, პარტიისთვის აუცილებელია თავმჯდომარე, რომელიც ადგილზე იქნება.
„მივესალმები ამ პროცესს. სიმართლე გითხრათ, დილით რომ გავიღვიძე და ვნახე, ციხიდან გამოგზავნილი ჩემი წერილის ციტატა მეგონა, მაგრამ ძალიან კარგია. ზუსტად ამას ვამბობდით მაშინაც, თუმცა ეს პროცესი დღეს ჩვენ უკვე აღარ გვეხება.
„ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე. ფაქტია, რომ პარტიისთვის აუცილებელია თავმჯდომარე, რომელიც ადგილზე იქნება და ამაზე უკვე მიხეილ სააკაშვილმაც ილაპარაკა. ამას ვამბობდით ჩვენც თავის დროზე. ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მივესალმები ამ პროცესს,“ – განაცხადა გიგი უგულავამ.
მიხეილს სააკაშვილმა დღევანდელ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ გრიგოლ ვაშაძემ ძალიან მაგრად ჩაატარა საპრეზიდენტო კამპანია და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე ის ვაშაძეს დავუჭერდა მხარს.
სააკაშვილმა ამავდე ვიდემიმართვაში აღნიშნა, რომ საჭიროა, პარტიის შემადგენლობა შეიცვალოს.